თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილსა და „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე გიგა გიგაშვილის ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. აღკვეთის სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა ვახტანგ ლონდარიძის ადვოკატმა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობა დააკმაყოფილა. საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, არსებობს ფორმალური საფრთხეები, რასაც მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.