25 თებერვალს, 20:00 საათზე კანცელარიასთან ჩანიშნული აქციის სახელწოდებით "თოვდა და თბილისს ებურა თალხის“ ორგანიზატორებმა მოქალაქეებს აქციის მოსაწვევები და საინფორმაციო ლიფლეტები დაურიგეს.
აქციის ორგანიზატორები, ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, აფხაზთა კრება და ტაბულა კრემლთან კოლაბორაციონიზმს გააპროტესტებენ.
„დღეს, 20 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, კრემლის გავლენის აგენტურის კანცელარიაა და არაფერი სხვა, გავმართავთ აქციას საქართველოს გასაბჭოებასთან დაკავშირებით. დავიწყებ იმით, რომ მივმართავ გუშინ დაზაფრულ ხალხს არანაირი სიტყვით გამოსვლა არ იქნება. აქციას ექნება ძალიან დატვირთული შინაარსი და, ვფიქრობ, ეს შინაარსი საქართველოს უმრავლესობის აზრს გამოხატავს. მობრძანდით, თუ სურვილი გაქვთ. ჩვენი აქციები არასოდეს არ არის გათვლილი ხალხის რაოდენობაზე. ის ყოველთვის არის გათვლილი შთამბეჭდავ შინაარსზე.
თუ მოხვალთ, ვფიქრობ, კარგი აქციისა და აქტის მონაწილე გახდებით. თუ ვერ შეძლებთ ამ ყველაფერს ნახავთ ტელევიზიითა და ონლაინ. მოდით დღეს, 20:00-ზე კანცელარიასთან, სადაც გავაპროტესტებთ კრემლთან კოლაბორაციას. იმ ადგილზე, სადაც დღეს კრემლის გავლენის აგენტები სხედან. სამწუხაროდ, სხვას ვერაფერს ვიტყვით მათზე, რადგან მათი ყველა გზავნილი არის კრემლის გზავნილი“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა
„რომ არა 25 თებერვალი, რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, რომ არ გაეწყვიტათ ამ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო, სასულიერო, კულტურული და ეკონომიკური ელიტა, დღეს ვიცხოვრებდით ბევრად უფრო თავისუფალ, უსაფრთხო და მდიდარ ქვეყანაში, ისე ვიცხოვრებდით, როგორც ევროპულ ქვეყნებში ცხოვრობენ - ღირსეულ პირობებში. დღეს, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში იმავე საფრთხის წინაშე ვდგავართ და საფრთხე გვაქვს, კვლავ გავუშვათ ხელიდან ისტორიული შესაძლებლობა, დავუბრუნდეთ ევროპულ ცივილიზაციას და ფეხი ავუწყოთ მას. შესაბამისად, ევროპული საქართველო 25 თებერვალს ვმართავთ აქციას საქართველოს კანცელარიასთან და სიმბოლური ჟესტით მკაფიო გზავნილი გვექნება ამ ხელისუფლების მიმართ და კოლაბორაციონიზმის მიმართ აწმყოსა თუ წარსულში. ყველას გეპატიჟებით 25 თებერვალს, 20:00 საათზე - შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს აქციაზე კანცელარიასთან“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.