ექიმმა-ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამართულ სხდომაზე გამოკითხვისას განაცხადა, რომ თუ სააკაშვილის სხეულის წონა 52 კგ-ზე ნაკლები იქნება, მისი ორგანიზმი ვეღარ გაუძლებს და მოკვდება.
"თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და სხეულის მასის ინდექსი 14-ზე ნაკლებზე ჩამოვა ანუ 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს", - განაცხადა თენგიზ წულაძემ.
ექიმის თქმით, სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაში წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, და თუ ამ ტემპით გაგრძელდება, შესაძლოა, "მძიმე შედეგები მოჰყვეს".
წულაძის თქმით, სააკაშვილის შემთხვევაში კახექსია, სავარაუდოდ, მხოლოდ შიმშილით არ არის გამოწვეული, რაზეც მიუთითებს მისი სხვა სიმპტომებიც და ისიც, რომ პაციენტი თითქმის იმავე ოდენობით საკვებს იღებს რასაც მანამდე, თუმცა წონის კლების ტემპი აჩქარებულია.
„წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემი აზრით, ყველა ამ ფაქტორებში რომლებიც ჩამოვთვალე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფაქტორებიც ძალიან მნიშვნელოვანია. წონის კლება არის ის, რასაც შეიძლება საბოლოოდ მძიმე შედეგი მოჰყვეს და მისი ასეთი ტემპით კლება, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია. კახექსია არ არის მარტო შიმშილობა. კახექსია არის წონაში კლებაც და ანთებადი მარკერებიც. იმიტომ რომ თუ კახექსიას ნახავთ ლიტერატურაში, ნახავთ რომ ის დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, სიმსივნე... რომლებიც ამ პაციენტს, თითქოს არ აქვს, მაგრამ პროტოკოლით თუ მივუდგებით, ასეთ შემთხვევაში გამოვიყენე კრიტერიუმების მიდგომა, რომ ეს, ჩემი აზრით, მთლად შიმშილით არაა ეს გამოწვეული და ამაზე მიუთითებს ანემიის გაღრმავება და ცხელება რომლებიც ვერ ავხსენით. ამიტომ, ის რომ წონის კლების ტემპმაც მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იგივე რაოდენობით საკვებს მიიღებს, რასაც მანამდე იღებდა, ამიტომ მივიჩნიეთ, რომ კახექსიასთან უნდა გვქონდეს საქმე. მაგრამ თუ კრიტერიუმებით მივუდგებით ამ კახექსიას, უკვე მეოთხე დონე გამოვლინდა“ - განაცხადა წულაძემ.
წულაძის თქმით, კახექსიის დონეები სიმსივნის მქონე პაციენტებშია შეფასებული და სააკაშვილს ეს დონე პირობითად მიანიჭეს. ექიმი აცხადებს, რომ "მეოთხე დონის კახექსია უკვე სერიოზული განაცხადია და სიმსივნის მქონე პაციენტების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს" - მედიანური დროით 4 თვე, რაც სიცოცხლის მაქსიმუმ 8 თვეს გულისხმობს.