"არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა გააკეთა რუსეთმა ჩვენთვის. ჩვენ კი სანაცვლოდ ჯერ არაფერს ვაძლევთ", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა საგანგებო თათბირზე, რომელზედაც რუსეთის მიერ გამოყოფილი სახსრებით აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის კომპლექსური გეგმის საკითხების შესრულება განიხილებოდა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფში თათბირზე აფხაზურ მედიაში რუსეთისთვის სამი ობიექტის გადაცემის შესახებ მიმდინარე აჟიოტაჟს შეეხო. ობიექტები, რომლებიც აფხაზეთმა რუსეთს უნდა გადასცეს, ბიჭვინთაში, გაგრასა და მიუსერაში მდებარეობს.
"ეს ბაკქანალია დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. გარდა იმისა, რომ ამ პუბლიკაციების ავტორები თავს უფლებას აძლევენ და შეურაცხყოფენ რუსეთის ხელისუფლებას და რუს ხალხს, მათ არ უნდათ არც რუსი მესაზღვრეები, არც რუსი სამხედროები, არც რუსი ბიზნესმენები. ამასთან ერთად, არც ერთ მათგანს პროტესტის ნიშნად იარი არ უთქვამს რუსეთის მოქალაქეობაზე, პასპორტზე ან პენსიაზე", _ განაცხადა თათბირზე ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთის ე. წ. პირველმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ობიექტების გაყიდვის თაობაზე.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რა გააკეთა და რას აკეთებს რუსეთი ჩვენთვის, ჩვენ კი ჩვენი მხრივ საპასუხოდ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. არავის აქვს უფლება ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი სახელმწიფო გალანძღოს. პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობები ყოველთვის პრიორიტეტული იქნება", _ განაცხადა ბაღაფშმა სხდომაზე.