ლატვიის დედაქალაქ რიგაში ხვალ მოახდენენ საბჭოთა ეპოქის მონუმენტის დემონტაჟს, რომელიც "ნაცისტურ გერმანიაზე წითელი არმიის გამარჯვებას" განასახიერებს.
პოლიციამ უკვე შემოსაზღვრა მონუმენტის ირგვლივ ტერიტორია ყვითელი ლენტით, რათა ხელი არ შეეშალოს დემონტაჟისთვის გასაწევ სამუშაოებს.
მონუმენტური კომპლექსი შედგება 79 მეტრის სიმაღლის ობელისკისა და ქანდაკებების ორი ჯგუფისგან - "დედა სამშობლო" და სამი ჯარისკაცი. 79-მეტრიან სვეტს თავზე ადგას საბჭოთა სიმბოლო, წითელი ვარსკვლავი.
რიგის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მონუმენტი, რომელიც 1985 წელს აღიმართა, ტექნიკის გამოყენებით მოიხსნება ტერიტორიიდან. გავრცელებული ცნობით, ძეგლს ასაფეთქბელი მოწყობილობების გამოყენების გარეშე აიღებენ.
უცნობია, რა ბედი ეწევა ძეგლს მისი დემონტაჟის შემდეგ.
გასულ კვირას, ესტონეთმა აიღო საბჭოთა ტანკის ძეგლი რუსეთთან მოსაზღვრე ქალაქ ნარვიდან და სამხედრო მუზეუმში გადაიტანა.

შეგახსენებთ, მაისში ლატვიის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების საკითხი მემორიალური ნაგებობების შენარჩუნების შესახებ. კერძოდ, შეჩერდა ორმხრივი დოკუმენტის მე-13 მუხლის მოქმედება, რომლის თანახმადაც, "ლატვიური მხარე უზრუნველყოფს ლატვიის ტერიტორიაზე ჯარისკაცების მემორიალური ძეგლების, სამარხებისა და საფლავების მოვლა-პატრონობას, გაუმჯობესებას და შენარჩუნებას".
ამავდროულად, ლატვიის პარლამენტმა აღნიშნა, რომ ლატვია კვლავინდებურად შეასრულებს ორმხრივი შეთანხმების პუნქტებს, რომელიც სამარხებსა და საფლავებს ეხება.
ლატვიის პარლამენტის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
"რიგის განმათავისუფლებელთა" ძეგლის აღების საკითხი არა ერთხელ დაისვა. დისკუსია უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე განახლდა.
ლატვიაში ეთნიკური რუსები შეადგენენ მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მათი გარკვეული ნაწილი ნაწილობრივ მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კურსს და მის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ლატვია ოკუპირებული იყო როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე ნაცისტური გერმანიის მიერ. ომის დასრულებიდან 1991 წლამდე ბალტიისპირეთის ქვეყნები იძულებით იმყოფებოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
ლატვიელთა უმეტესობა 9 მაისსა და "ნაცისტური გერმანიისგან საბჭოთა განმათავისუფლებელთა" მონუმენტს აღიქვამს, არა როგორც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოდ, არამედ საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაციის განახლების სიმბოლოდ.