გერმანიის ბუნდესტაგმა ხმათა უმრავლესობით, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის ეროვნულ დონეზე რატიფიცირება მოახდინა.
8 ივლისს გამართულ პლენარულ სხდომაზე შემოთავაზებულ რატიფიკაციის კანონის წინააღმდეგ მხოლოდ მემარცხენე პარტიის წარმომადგენლებმა მისცეს ხმა.
კენჭისყრამდე დებატების დროს მმართველი და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ისტორიული უწოდეს.
"ჩვენს წინაშე ევროპის ისტორია იწერება", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა.
ამ ორი ქვეყნის ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ტრადიციის გახსენებისას, ლამბრეხტმა აღნიშნა, რომ ასეთი ძლიერი რწმენის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "რაიმე მართლაც მნიშვნელოვანი მოხდება".
"და ასეთი მოვლენა იყო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე", - თქვა ლამბრეხტმა.
მისივე თქმით, ნატოს გაფართოება მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
"ჩვენ ვაძლიერებთ უსაფრთხოების არქიტექტურას, მსოფლიო წესრიგს, რომლის დანგრევაც პუტინს სურს. დასავლეთი, რომელიც მას ასე სძულს, ძლიერდება და არა სუსტდება", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ბუნდესტაგში კენჭისყრის შემდეგ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ხელს მოაწერს რატიფიკაციის სერტიფიკატს და გადასცემს ნატოს.
შეგახსენებთ, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება უკვე მოახდინეს ალბანეთმა, დანიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ისლანდიამ, პოლონეთმა და ნორვეგიამ.
ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება საბოლოოდ დასრულდება მას შემდეგ, რაც ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტი პროტოკოლების რატიფიცირებას მოახდენს. ამ პროცესს შესაძლოა ექვსიდან რვა თვემდე დასჭირდეს.