მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი 08:00 საათიდან დაიწყო, გამოცდები კი ზუსტად 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
„დღეს, 4 ივლისს ჩვენს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ჩვენთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია, რადგან დღეს აბიტურიენტებისთვის ცხოვრების ახალი, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება.
მსურს, გულითადი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან გამოცდების ორგანიზების პროცესში. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდებისთვის მშვიდი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი, რაც თითოეულ გამოსაცდელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.
მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს!", - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.