ENG / RUS       12+

"ევროპული პერსპექტივა" საქართველოსთვის ისტორიული შანსი არ არის, 2 000 წელია ეს მისი ისტორიული არჩევანია და შეწირული შვილებით დღესაც ამ მაგისტრალზე მიაბიჯებს - ნესტან კირთაძე

რესპოდენტის შესახებ

ნესტან კირთაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი

ნესტან კირთაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი

ბრიუსელის უარი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზე გახდა. საპროტესტო აქციები, დემოკრატიული სამყაროს დამოკიდებულება ავტოკრატებისა და მათი რეჟიმების მიმართ არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრის, არამედ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისათვის აქტუალურ თემებად იქცა.

ამ და სხვა საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს ნესტან კირთაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო არც ერთი პარამეტრით არ იმსახურებს, "უკვე მერამდენედ ატუზონ ევროპის ვირტუალურ კართან".

ნესტან კირთაძე: საქართველო არც ერთი პარამეტრით არ იმსახურებს, უკვე მერამდენედ ატუზონ ევროპის ვირტუალურ კართან, თუმცა ახალ მსოფლიოში, რომელიც ახლა იბადება, დაიბადება ახალი საქართველოც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გეოგრაფიული სივრცე იქნება, სწორედ მისი განუმეორებელი გეოსტრატეგიული მდებარეობით და იქნება ახალი გეოპოლიტიკური ერთობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი.

- ქ-ნო ნესტან, საქართველოს მიეცა ისტორიული შანსი რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის, ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერპექტივა, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გარკვეული დაველებები მიეცა. როგორ აფასებთ ამ პერპექტივას და შანსს, რომ საქართველო ამ დავალებას შეასრულებს?

- სიამოვნებით მოგახსენებთ ზუსტად იმას, რასაც ჩემს ევროპელ კოლეგებს სრულიად მკაფიოდ და ხმამაღლა, სხვადასხვა ტრიბუნებიდან ვეუბნები, რომ "ევროპული პერსპექტივა" საქართველოსთვის ისტორიული შანსი არ არის, ეს მისი ისტორიული არჩევანია, რომ საქართველომ, უკვე 2 000 წელია, დასავლური ცივილიზაცია აირჩია მისი მომავლის მაგისტრალად და ამ ხნის მანძილზე, ყოველი ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით და შეწირული შვილებით ამ დღესაც ამ მაგისტრალზე მიაბიჯებს.
მაპატიეთ, მაგრამ სულიერებისაგან დაცლილი, ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებით შექმნილი ევროკავშირი, შუაგულ ევროპაში ომის ვერშემჩერებელი და ბიუროკრატიის ლაბირინთებში გახლართული ევრო სკეპტიკოსებისათვის, კი ნამდვილად ისტორიული შანსია, რომ უძველესი ქრისტიანული საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობის და საერთაშორისო ურთიერთობების დიდი გამოცდილებით, მისი უნიკალური კულტურით და ევროპული ჰუმანიზმით, დიდი სიამაყით და მაღალი ღირსებით აქციოს ევროპის ნაწილად, მაგრამ, სამწუხაროდ იმეორებს 1921 წლის მოვლენებს და, როგორც ჩანს, მიღება - ჩაბარების აქტზე ხელმომწერებიც ნაპოვნი ყავს უკვე.

- რატომ ასეთი ირონია და სკეპტიციზმი? მართალი გითხრათ, არ ველოდი.

- ეს ირონიაა?! არა. ეს გაბრაზებული ქართველის ადეკვატური რეაქციაა ევროპაზეც, და 30 ვერცხლზე გაყიდულ ქართველებზე, თავის თავს ოპოზიციას , რომ უწოდებს, შანსს არ უშვებს, ყოველ ჯერზე ისე გადაუჭერს მათრახს თავის სამშობლოს...

მაგრამ უარესი დღეებიც, ხომ ახსოვს საქართველოს. დაარქმევთ საქართველოსთვის სილის ასეთ გაწვნას დაცინვას?! მე კი დავარქმევდი ტერიტორიულად დაფლეთილი ქვეყნის ისედაც შეზღუდული სუვერენიტეტის კიდევ უფრო შეზღუდვას.

ევროკავშირის წევრად რომ გვიღებდნენ, ამ დროს ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილის დელეგირება მართლაც ხდება, მაგრამ ახლა რა ხდება?! გთხოვთ, ყველამ გაიაზრეთ სწორად და ღირსეულად. კარგი, ჩემი ქვეყნის ისტორია არ იცი. მაგრამ არც საკუთარი იცი?! არ წაგიკითხავს?! დავიჯერო არ მოგისმენია მაინც?! მაშინ, მე გაგიზიარებთ:
1920 წელს, მართლაც რომ ისტორიული ფაქტი მოხდა და საქართველოს პირველად ევროპული დელეგაცია ეწვია მაღალი შემადგენლობით. მაგალითად: ევროპული დელეგაციის შემადგენლობაში იყო ბატონი ემილ ვანდერველდე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ევროპაში დაბრუნების შემდეგ, არა ერთი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, მათ შორის ესეც: - „ომის წინა წლებში (ცხადია, იგულისხმება I მსოფლიო ომი), რომ დასმულიყო საკითხი, თუ სად, ევროპის რომელ ქვეყანაში ან ქალაქში შედგებოდა პირველი დემოკრატიული მთავრობა, ზოგი დაასახელებდა ლონდონს, სხვები პარიზს, ბერლინს, სტოკჰოლმს ან ბრიუსელს. მაგრამ ვინ იფიქრებდა საქართველოზე და მის დედაქალაქ თბილისზე... სწორედ საქართველოში დაიწყო ნამდვილი დემოკრატიული წყობილების მშენებლობა“.
ევროპული დელეგაციას დიდ წონას აძლევდა ცნობილი ინგლისელი ლეიბორისტი რამზეი მაკდონალდი, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა და დაუღალავად ეწეოდა საქართველოს პოპულარიზაციას. დელეგაციას ამშვენებდა მთელს ევროპაში გახმაურებული თეორეტიკოსი - კარლ კაუცკი და სხვ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა და კაბინეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტუმრებისათვის შეეგებებინათ ცნობილი მწერალი და ინტელექტუალი გრიგოლ რობაქიძე.

ევროპელებთან შეხვედრა მეფისნაცვლის ყოფილ ულამაზეს სასახლეში გაიმართა.

გრიგოლ რობაქიძე დარბაისლურად მიესალმა სტუმრებს და ერთ ტევად ფრაზაში გამოხატა ქართველების ისტორიული სათქმელი: ,,ევროპიელნო, მაღალნო სტუმარნო! 2 000 წელი, ქართველნი გელოდებოდათ, თქვენ!!! და მოშვებულნი აღმოსავალს, ჩვენ მივილტვოდით მუდამ დასავლეთისაკენ“... მაგრამ, ჩვენ მუდამ გვქონდა ტრაგედია გეოგრაფიის...’’

გამოსვლის ტექსტი იყო მოკლე, მაგრამ მთელი ევროპული ღირებულებები დაიტია, რომელსაც ქართველები წამოიღებდნენ ევროპიდან და იყო ყველაფერი, რასაც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა - საქართველო გაუზიარებდა ომის და იმპერიების ნანგრევებში გახვეულ, და ისპანკით გადათელილ ევროპას. თუმცა, მაშინაც, ზუსტად დღევანდელივით ააყუდეს ევროპის ვირტუალურ კართან საქართველო.

ოკუპაციამდე სულ ცოტა ხნით ადრე ცნეს მისი დე იურე დამოუკიდებლობა და ამით, რუსეთს ირიბად გზა საქართველოში და კავკასიაში მეორედ შემოსასვლელად.
შემდეგ "ერთა ლიგის" კართან ატუზეს საქართველო. თუმცა აქაც მალევე ცხვირწინ მიუხურეს კარი და მომავალში კიდევ სცადეთო, - ღიმილით მოაძახეს.

- საქართველოს რეალობას რომ დავუბრუნდეთ. დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია ხელისუფლებას საგარეო კურსის ცვლილებაში ადანაშაულებს და ამის ერთ-ერთი არგუმენტია სწორედ ის რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი "ტრიოდან" მხოლოდ საქართველომ ვერ მიიღო...

- ქართულ ოპოზიციასთან მე ჩემი ანგარიშები მაქვს. ესენი უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული უსამშობლო ქართველები არიან. მგონია, რომ მძიმედ დაამთავრებენ, მთავარია, სამშობლოც არ ჩაიყოლონ ამ მძიმე დროს.

რაც შეეხება ხელისუფლებას. სიცოცხლის ფასად , რომ დაუჯდეთ, უნდა დაიცვან ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. ვიდრე ხელისუფლებაში არიან რეალურად გაუსწორონ თვალი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უკანასკნელად განდოთ ქართველმა ადამიანმა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას და ბიძინა ივანიშვილს. არც ისე დიდი ხანია გასული, რაც აშშ ელჩმა განცხადება გააკეთა და ბიძინას არა ოლიგარქი, არამედ ფილანტროფი და მეცენატი, გავლენიანი და პატივცემული ადამიანი უწოდა, რომელმაც უდიდესი კონტრიბუცია გაიღო დემოკრატიის, განათლების და კულტურისათვის.

ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის მეცენატი საქართველოს მართლაც არ ჰყოლია და არ ვიცი ვინ ჰყავდა გვარში ასეთი მლოცველი ამ კაცს, მაგრამ ფაქტია, რომ მან ცნობილ ქართველებთან ერთად სამუდამოდ უკვდავყო მისი, როგორც ფილანტროპის და მეცენატის სახელი საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მეხსიერებაში.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილის მეცენატობაზე საუბრობთ, ამას არც არავინ უარყოფს. საკმაოდ გრძელი სიაა მის მიერ გაწეული ქველმოქმედების. მაგრამ დღევანდელი პრეტენზია მის მიმართ ეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, ოლიგარქიას. ასე დავსვათ კითხვა, მთელი ეს გაწეული ქველმოქმედება არის იმის საპირწონე, რომ დავივიწყოთ რუსეთის ოკუპაცია, დავიწყოთ უდიდესი მსხვერპლი, რომელიც ამ ქვეყანამ გასწია და რუსეთს "ბაბაია" დავუძახოთ?

- მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რუსეთისთვის ბაბაიას ძახილი იყოს დღეს. რუსეთს ბაბაიას დღეს ევროპა ეძახის. ეს არის ყველაზე დამთრგუნველი ჩემთვის. ის ევროპა,სადაც მე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი და სადაც მე თავაწეული დავდიოდი. მე ვიყავი ლაღი მოქალაქე, აბსოლუტურად. ჩემ სათქმელს ყველგან ვამბობდი. ყველგან ჩემი სამშობლოთი ვამაყობდი. ყველგან ვაკაკუნებდი და თუკი არ გამიღებდნენ, მაინც ვაღებდი ამ კარს, რომ საქართველოსკენ მიმემართა მათი ყურადღება.
ევროპელი მოქალაქე არ არის ისეთი მომთმენი, როგორც ჩვენი. ის გადასახადის გადამხდელია და არავის აპატიებს, არც ერთ ხელისუფალს თავის შეტანილი გადასახადის ომში დასახარჯად და შვილები სიცივეში და შიმშილში ყოფნას.

ის, რაც ხდება ევროპაში, ეს არის პირველი ან მეორე მსოფლიო ომის წინარე პერიოდის მსგავსი. დაიმახსოვრეთ, როგორც მიუნხენის სამარცხვინო გარიგება დარჩება ევროპისა და მსოფლიო ისტორიას, როგორც მართლა სამარცხვინო, ასევე დარჩება უკრაინის ომი, როგორც სამარცხვინო გარიგება, ოღონდ ვისა და ვის შორს და რის ფასად ამას ისტორია დაადასტურებს.

- 20 ივნისს, შემდეგ 24-ში ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე თავისი პოზიციის გამოსახატად, რომ მათი არჩევანია სვლა ევროპისკენ. იქ არ ყოფილა არც ერთი ოპოზიციის ლიდერი, ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია, რომლითაც ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი სურვილი, რომ ისინი ირჩევენ ევროპას...

- კარგია, რომ ასი ათასი რომ ადამიანი გამოვიდა. იმ ასი ათასმა ადამიანმა ყველამ ძალიან კარგად იცის ევროპა, არა ნაციონალური მოძრაობისგან, არა ფულის მონა ოპოზიციისგან, არა ამ ხელისუფლებისგან, არამედ ყველა მათგანს, ოჯახიდან 1 ან 2 წევრი ყავს გაშვებული ევროპაშიც და მთელ მსოფლიოში სამუშაოდ, შიმშილისაგან შვილების გადასარჩენად.

ხელისუფლებას ვურჩევ, გააძლიეროს ეს ქვეყანა და მოემზადოს ახალი ისტორიული ნახტომისათვის. იმიტომ რომ ეს დროც ძალიან მალე დადგება და ამით ჩვენ უნდა ვისარგებლოოთ.

სულ მახსოვს პატრიარქის ცნობილი გამოთქმა - საქართველოს დაგორებული ქვააო. სულ ვფიქრობდი, რატომ თქვა ეს. განა რა დაინახა, განა რა იგრძნო, განა რას გრძნობს საქართველოს პატრიარქი, რომელმაც საქართველოს დაგორებული ქვა უწოდა. ალბათ იმას, რომ მალე დაასრულებს თავისუფალ ვარდნას, რომ სადღაც გაჩერდება და მერე დაიწყება ახალი ერა დასაქართველოს, ახალი მომავალი.

ეს იქნება ახალი თაობა და სრულიად ახალი აზროვნება, იმ ახალგაზრდებისა, რომელზეც მუდამ იმედიანად ვსაუბრობ. ღმერთმა მისცეს საქართველოს სიბრძნე და გონიერება.