ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი თევდორაძემ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს საბაჟო დირექტორატის ხელმძღვანელთან, მუსტაფა გიუმუშთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
აღნიშნული შეხვედრა საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ჩილდირ/აქთაშში" (სგპ. ,,კარწახის“ თურქულ მხარეს მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტზე) გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა გაზრდილ ტვირთბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ერთობლივი ძალისხმევით მომსახურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საბაჟო დირექტორატის ხელმძღვანელმა, ასევე აღნიშნა, რომ ინტენსიურ რეჟიმში მომდინარეობს ,,ხოფას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საბაჟო ტერმინალის მშენებლობის პროცესი, რომელიც საგრძნობლად განტვირთავს ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტის მიმართულებით არსებულ სატვირთო ავტომობილების ნაკადს.
თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრები, ასევე იმყოფებოდნენ ,,ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე და თურქეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე სგპ. - „პოსოფ-თორქგოზუზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქული მხარის თხოვნით, სარემონტო სამუშაოების წარმოების გრაფიკის ივლისის თვის ჩათვლით გადავადების გამო, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე ,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით ვერ განხორციელდება.
შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით, საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.