25 მაისის დილიდან ერევანში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელები.
მანამდე, ადგილობრივი მედია დემონსტრანტების მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის დაბლოკვის თაობაზე იუწყებოდა.
აქციის მონაწილეებს ხელმძღვანელობენ სომხეთის პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციური ფრაქციებიდან და პარლამენტის ვიცე-სპიკერი იშხან საღათელიანი. ისინი ითხოვენ ერევნის პოზიციის დაზუსტებას და მეტ სიცხადეს მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით.
საპროტესტო აქციების ლიდერები შეხვდნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მნაცაკან საფარიანს, რომელიც ამავდროულად აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრია. შეხვედრაზე ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ერევანმა მკაფიოდ განაცხადოს, რომ მთიანი ყარაბაღი არ იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში.
ერევანში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო აქციები აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს.
ანტისამთავრობო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი პარლამენტში "მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში თამასის დაწევისა" და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მოწოდებით გამოვიდა.
ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს.