დღევანდელ დღეს მეორადი ავტომობილის შეძენის მრავალი ფორმა არსებობს - ავტობაზრობები, დილერები, ინტერნეტი და ა.შ.
სადაც უნდა ყიდულობდეთ მეორად ავტომობილს, აუცილებელია მისი შემოწმება, როგორც ვიზუალურად, ისე დაქოქვითა და გატარებით.
ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა, ორმაგად დაკვირვებულები ვიყოთ. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ავტომობილი, რომელიც ადრეულ ასაკში შევიძინე, ვიზუალურად საკმაოდ კარგი ჩანდა, ხოლო შეძენიდან რამდენიმე თვეში ჭირვეულ მონსტრად გადაიქცა. ბევრჯერ ვინანე, რომ ყიდვამდე ავტომობილი კვალიფიციურ კადრებს არ შევამოწმებინე და უბრალო პროფილაქტიკის თანამშრომელს ვენდე.
თქვენც რომ ასეთივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, იმ რამდენიმე საკითხს გაგაცნობთ, რომლებიც მომავალში მანქანის ყიდვისას გამოგადგებათ.
გარეგანი დათვალიერება
გარე შემოწმება მხოლოდ სუფთა ავტომობილზე ტარდება, რისთვისაც აუცილებელია კარგი განათება. პირველ რიგში, უნდა დარწმუნდეთ, რომ მანქანა არ არის შეღებილი. ამისთვის საუკეთესო გზა კარის რეზინის ოდნავ ჩახსნა და შიდა კარკასის გარე კარკასთან შედარებაა - ფერები უნდა ემთხვეოდეს. არსებობს სპეციალური მოწყობილობა - სისქის საზომი, რომელიც განსაზღვრავს საღებავის სისქესა და მის შესაბამისობას ქარხნულთან.
კორპუსის დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ ჟანგის კვალს, განსაკუთრებით კარსა და ფარებზე, ამასთანავე, შესაძლოა, კოროზიის ცენტრები მინის რეზინის ქვეშაც იყოს. თუ ჟანგიანი ადგილების რაოდენობა ბევრია, მაშინ უმჯობესია, უარი თქვათ ასეთი ავტომობილის შეძენაზე.
მნიშვნელოვანია, შეამოწმოთ კარებსა და კარკასს შორის დაშორებები (ე.წ. ზაზორები), რადგან, თუ მათ განსხვავებული ზომები აქვს, ესე იგი მანქანა, სავარაუდოდ, ნაავარიებია.
ყურადღება მიაქციეთ საბურავების მდგომარეობას, მათ ღერძს არ უნდა ჰქონდეს დარღვეული გეომეტრია, რაც საბურავებზე არასწორ ცვეთაში აისახება. შეამოწმეთ სამუხრუჭე დისკები, რომლებსაც ნაკაწრები და ბზარები არ უნდა ეტყობოდეს.
არც ფარებისა და მინების შემოწმება არ უნდა დაგვავიწყდეს.

ძრავის შემოწმება
ვხსნით კაპოტს და ვამოწმებთ ძრავს - გადაცემათა კოლოფისა და ძრავის ქვეშ ზეთის კვალი პირველი ნიშანია იმისა, რომ მასში რაღაც ხარვეზია. ზეთის დონესთან ერთად, შეამოწმეთ წყლის მილები და ღვედები.
დაქოქვის შემდეგ ძრავა უნდა მუშაობდეს სუფთად, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე, რადგან უცხო და ზედმეტი ხმაური მისი გაუმართაობის პირველი ნიშანია.
ყურადღება მიაქციეთ, მუშაობს თუ არა ძრავა სტაბილურად უმოქმედო მდგომარეობაში. თუ ძრავა არათანაბრად მუშაობს, მაშინ მიზეზი შეიძლება გაუმართავი სანთლები, ელექტრონული სისტემა, კონტროლის განყოფილება ან რაიმე სხვა იყოს, რაზედაც ზუსტ პასუხს მხოლოდ კვალიფიციურ სერვისცენტრში მიიღებთ.

მანქანის შიდა შემოწმება
ინტერიერის დათვალიერებამდე ძრავის განყოფილებაში იპოვეთ ნიშანი, რომელზეც აღბეჭდილი იქნება ზეთის შეცვლის შემდგომი გარბენი და შეადარეთ მრიცხველის ჩვენებას. სავალი ნაწილი კი დეტალურად შეამოწმეთ სერვისცენტრში.
შეამოწმეთ ფარები, შიდა განათებები, ავარიული სანათები, სავარძლებისა და ფანჯრების გათბობა, მინის მწმენდავები, კონდიციონერი და გათბობა. ისინი ნორმალურად უნდა მუშაობდეს, მათი მუშაობისას უსიამოვნო სუნი არ უნდა იგრძნობოდეს.
სატესტო გარბენი
ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აუცილებელია, ავტომობილი რეალურ პირობებში შეამოწმოთ.
სიარულის დროს ყურადღებით მოუსმინეთ, გამოსცემს თუ არა მანქანა საეჭვო ხმებს, ინარჩუნებს თუ არა ის სწორ კურსს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საბურავების ღერძის გეომეტრია დარღვეულია (ე.წ. რაზვალი). მოძრაობის დროს, საჭე მაღალ სიჩქარეზე არ უნდა ვიბრირებდეს.
სატესტო გარბენი იმ ხარვეზების იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ, რომლებიც გარე და შიდა დათვალიერების დროს არ შეინიშნებოდა.
რეალურ ცხოვრებაში ჩატარებული ტესტი სრულ სურათს მოგცემთ მანქანის მდგომარეობისა და შესაძლებლობების შესახებ, თუმცა მაინც, სანამ ყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებთ, გზად „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში შეიარეთ, სადაც კვალიფიციური კადრები დაზუსტებულ პასუხს მოგცემენ ავტომობილის მდგომარეობის შესახებ.