ENG / RUS       12+

ვისია ტელეკომპანია "იმედი"?

დიმიტრი ტიკარაძე 

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ტელეკომპანია "იმედი" ცნობილმა ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა დააფუძვნა და გარდაცვალებამდე მის საკუთრებას წარმოადგენდა. როდის მოხდა ტელევიზიის დაფუძვნება, როგორ და ვისზე გადაფორმდა ტელეკომპანიის წილი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ და ვინ ფლობს დღეს "იმედს" _ ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემას ამ ჟურნალისტური გამოძიებით ვეცდებით. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტების და რესპოდენტების რაოდენობის გათვალისწინებით, ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავების თვალსაზრისით, ეს იყო ურთულესი სამუშაო. თუმცა ჩვენ შევეცდებით წარმოგიდგინოთ სრული სურათი და რაც შეიძლება მოკლედ გაგაცნოთ ტელეკომპანია `იმედის~ გაყიდვისა თუ წართმევის ისტორია...

როგორც ზემოდ ავღნიშნეთ, საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ `იმედი~ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, თუმცა იურიდიული დოკუმენტაციის მიხედვით ბიზნესმენი დამფუძვნებლად და ტელეკომპანიის მესაკუთრედ პრაქტიკულად არ ფიქსირდებოდა. ოფიციალური დოკუემნტაციის თანახმად, შპს `ტელეიმედი~ დარეგისტრირებულია 2001 წლის 24 დეკემბერს და მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადოება `ი-მედია~. თავის მხრივ, ს/ს `ი-მედია~ დარეგისტრირებულია 2001 წლის 14 ნოემბერს და მისი აქციების 70%-ის მფლობელია ს/ს `ჯეი-ემ-ჯი~, ხოლო 30%-ის მფლობელი შპს `უნივერსალი~. ჩვენთვის არაა საინტერესო და არ გადაგღლით იმაზე საუბრით ვინ არიან `უნივერსალის~ დამფუძნებლები, მაგრამ რაც შეეხება `ჯეი-ემ-ჯის~, აქ წილის 70%-ს ნომინალურად ფლოდა პატარკაციშვილის ახლო მეგობარი გიორგი ჯაოშვილი, ხოლო 15-15%-ის მფლობელები იყვნენ შპს `მაუდი~ და ფონდი `გამარჯვება~. ამ ფონდის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო ბადრი პატარკაციშვილი.
უფრო სრული წარმოდგენისთვის გაგაცნობთ ცხრილს, სადაც ნათლად როგორ იყო გადანაწილებული ტელეკომპანია `იმედის~ დამფუძნებელი და მმართველი კომპანიების წილები. (სქემა #1)

2006 წელს სექტემბერში `იმედის~ ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მედიამაგნატი `ნიუს კორპორეიშენ~-ი `იმედის~ აქციების მფლობელი გახდა. `ნიუს კორპორეიშენის~ ხელმძღვანელი, რობერტ მერდოკი რამდენჯერმე იმყოფებოდა კიდეც თბილისში, ბადრი პატარკაციშვილთან და ეს ვიზიტები ტელეკომპანიის მიერ შუქდებოდა, როგორც `ტელეიმედის~ `ნიუს კორპორეიშენის~ დიდ ჯგუფში გაწევრიანება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ `ნიუს კორპორეიშენის~ არც ერთ ინტერნეტ საიტზე `იმედი~ მოხსენიებულიც არ იყო, არა თუ დაფიქსირებული, როგორც კორპორაციის წარმომადგენელი.

2007 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბადრი პატარკაციშვილმა `ტელეიმედი~ გაყიდა. მოგვიანებით პატარკაციშვილმა აღიარა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას `იმედის~ სანაცვლოდ შპს `საქართველოს რკინიგზას~ სთავაზობდა, თუმცა განაცხადა, რომ ის არ დათანხმდა ხელისუფლების გარიგებას, რადგან `იმედი~ ხალხის საკუთრებაა. როგორც შემდგომში გაირკვა, ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და პატარკაციშვილს შორის მართლაც იყო გარიგება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს `საქართველოს რკინიგზის~ 49-წლიან მმართველობის სანაცვლოდ `იმედის~ დათმობის თაობაზე. გახმაურდა ისიც, რომ თავიდან პატარკაციშვილი დათანხმდა კიდეც ამ წინადადებას, სახელდახელოდ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა ფირმა, რომელსაც `საქართველოს რკინიგზა~ 49-წლიანი მმართვის უფლებით გადაეცა, მაგრამ, საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩაიშალა... პატარკაციშვილმა არ დათმო ტელეკომპანია და როგორც შემდგომში გაირკვა იმ მიზეზით, რომ იგი ამ გარიგებით კარგავდა უმნიშვნელოვანეს იარაღს საქართველოს ხელისუფლებასთან საბრძოლველად...
ეს გარიგება მართლაც რომ მზადდებოდა, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შპს `საქართველოს რკინიგზა~ სახელდახელოდ ოფშორებში დარეგისტრირებულ კომპანიას მმართვის უფლებით აღარ აუღია და მისი წილის 100%-იანი მფლობელი დღესაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა.

2007 წლის შემოდგომაზე ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. იგი ღიად უჭერდა მხარს და აფინანსებდა ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებულ საპროტესტო აქციებს და მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას. 7 ნოემბერს, დილით პოლიციამ საპტროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო საღამოს სპეცრაზმმა დაარბია `ტელეიმედი~. ხელისუფლების ოფიციალური განცხადებების თანახმად ბადრი პატარკაციშვილის, მის მფლობელობაში არსებული ტელევიზიის გამოყენებით აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას. ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. `იმედის~ მუაწყებლობა შეჩერდა. ამავე პერიოდში პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო წინასწარი გამოძიება, ყადაღა დაედო მის მფლობელობაში არსებულ ფირმების საბანკო ანგარიშებსა და ქონებას. საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა შპს `ტელეიმედზე~ და ღიად აცხადებდა, რომ ეს იყო იარაღი პატარკაციშვილის ხელში და ბიზნესმენს სურდა ეს იარაღი ხელისუფლების დასამხობად გამოეყენებინა.
გამოძიების დროს არსად გამოკვეთილა, რომ `ტელეიმედის~ ან მისი მფლობელი რომელიმე კომპანიას `ნიუს კორპორეიშენი~ ფლობდა. გაირკვა, რომ პრაქტიკულად ეს იყო მეგობრული გარიგება პირადად ბადრი პატარკაციშვილსა და რობერტ მერდოკს შორის, რომლის მიხედვითაც პატარკაციშვილი მერდოკს `იმედის~ ერთ-ერთ მეპატრონედ აფიქსირებდა. რეალურად მერდოკი `იმედს~ არ ფლობდა და იურიდიულადაც, ნომინალურ ფასში, მხოლოდ მმართველობაში ჰქონდა აღებული.

2008 წლის 4 იანვარს ბადრი პატარკაციშვილმა მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც დამარცხდა. ამის შემდეგ, ძალიან მალე, 2008 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა... უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდისათვის მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ისევ წარმოებაშია და მისი ქონება დაყადაღებული...

2008 წლის 19 თებერვალს, ანუ პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მისი მეგობარი გიორგი ჯაოშვილი ს/ს `ჯეი-ემ-ჯის~ 70%-ს საკუთრებაში უფორმებს პატარკაციშვილის დეიდაშვილს, ჯოზეფ ქეის, იგივე კაკალაშვილს. როგორც ჯაოშვილი მოგვიანებით სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, 19 თებერვალს დილის 9 საათზე მას ჯოზეფ ქეიმ დაურეკა და სასწრაფოდ მოსთხოვა შეხვედრა. ამავე ჩვენების თანახმად ქეიმ ჯაოშვილს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები, კერძოდ პატარკაციშვილის ხელმოწერილი და ნოტარისუის მიერ დამოწმებული ანდერძის ასლი, რომლის მიხედვითაც ჯოზეფ ქეი იყო პატარკაციშვილის ქონების განმკარგველი.
`ზემოაღნიშნული საბუთების გაცნობის შემდეგ ჯოზეფ ქეიმ შემატყობინა, რომ ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო, სასწრაფოდ მოეგვარებინა კონფლიქტი საქართველოს ხელისუფლებასთან. მას დანიშნული ჰქონდა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დღის 14 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, რომელზეც უნდა მოგვარებულიყო ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული პრობლემები. საქართველოს ხელისუფლებისათვის ბადრი პატარკაციშვილის აქტივებიდან ყველაზე არსებითი და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო ტელეკომპანია `იმედი~. ჯოზეფ ქეიმ ამიხსნა, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების მისაღწევად და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესის პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელი იყო, რომ `ჯეი-ემ-ჯის~ აქციები (რომლის ნომინალური მფლობელი მე ვიყავი) დაუყონებლივ გადაგვეტანა ჯოზეფ ქეის სახელზე. ამასთან, მას არ დაუზუსტებია, როგორ და ვის ინტერესებში განკარგავდა აქციებს მომავალში, მაგრამ ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს განკარგვა აუცილებლად იწარმოებდა საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში~ _ წერს გიორგი ჯაოშვილი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში.
საგულისხმო ფაქტია, რომ ჯაოშვილმა ისე გადაუფორმა აქციები ჯოზეფ ქეის, რომ ამის შესახებ არაფერი აცნობა ბადრი პატარკაციშვილის მეუღლესა და ოჯახის სხვა წევრებს. მოგვიანებით ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ლონდონში ამ დროს დილის 6 საათი იქნებოდა და მათ გაღვიძებას მოვერიდეო. გარდა ამისა, ჯაოშვილი დღეს ამტკიცებს, რომ მას `ჯეი-ემ-ჯის~ აქციები იძულებითა და მოტყუებით გადააფორმებინეს, რაც ერთგვარი იურიდიული ლაფსუსია _ როცა ჯაოშვილი ხელს აწერდა წილის გადაფორმების ხელშეკრულებას, მასზე ან იძულება ხორციელდებოდა, ან ატყუებდნენ. იძულება და მოტყუება მის წინააღმდეგ ერთდროულად ვერ განხორციელდებოდა.
კიდევ ორი საინტერესო დეტალიც: 1. ჯაოშვილის ჩვენების თანახმად მას, ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში, თავად ბადრი პატარკაციშვილმა უთხრა, რომ ჯოზეფ ქეის დაავალა ურთიერთობების მოგვარება საქართველოს ხელისუფლებასთან. 2. სასამართლომ, სწორედ წილის გადაფორმების დღეს, ანუ 2008 წლის 19 თებერვალს მოუხსნა ყადაღა `ჯეი-ემ-ჯის~, რაც ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან შეთანხმების გარეშე პრაქტიკულად გამორიცხული გახლდათ.
ასეა თუ ისე, `ჯეი-ემ-ჯის~ აქციების 70%-ის მფლობელი ჯოზეფ ქეი გახდა, რაც ავტომატურად გულისხმობდა `ტელეიმედის~ მის მმართველობაში გადასვლას. მართალია ს/ს `ჯეი-ემ-ჯის~ 15-15%-ის მფლობელებად `მაუდი~ და ფონდი `გამარჯვება~ დარჩნენ და ს/ს `ი-მედიას~ 30%-საც `უნივერსალი~ ფლობდა, მაგრამ ამ წილით მმართველობის განხორციელება არც ერთ ამ კომპანიას არ შეეძლო.
ზემოაღნიშნული გარიგების შემდეგ ძალიან მალე აღდგა `იმედის~ მაუწყებლობა, რომელიც ნოემბრის დარბევისა და შემდგომში მოკლევადიანი საცდელი ჩართვის შემდეგ პრაქტიკულად შეწყვეტილი იყო. რადიკალურად შეიცვალა ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკა და ის მკვეთრად პროსახელისუფლებო გახდა. ტელეკომპანია დატოვა ბევრმა ცნობილმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა...
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები დღემდე ედავებიან ჯოზეფ ქეის `ჯეი-ემ-ჯის~ წილის გადაფორმების კანონიერებასთან დაკავშირებით. ეს საქმე არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო სასამართლოების განხილვის საგნად იქცა. ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არც ერთ სასამართლოს არ გამოუტანია და ჯაოშვილსა და ქეის შორის დადებული გარიგება კვლავ სადაოა. თუმცა, ამ ფაქტს საერთოდ არ შეუშლია ხელი ჯოზეფ ქისთვის, რომ მას ჯაოშვილისაგან ნაყიდი აქციების 90% გაეყიდა. აქციების მყიდველად არაბული კომპანია `რაკინ ჯორჯია ჰოლდინგი~ დასახელდა. შეიცვალა `ი-მედისა~ გენერალური დირექტორიც და ამ თანამდებობაზე `ნაციონალური მოძრაობის~ ყოფილი გენერალური მდივანი და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე დაინიშნა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯოზეფ ქეი `ჯეი-ემ-ჯის~ აქციების 70%-ს ფლობდა, ამის 90% მთლიანად `ჯეი-ემ-ჯის~ აქციების 63% გამოდის. ანუ, ქეიმ ფლობელობაში დაიტოვა `ჯეი-ემ-ჯის~ საერთო წილის 7%, ხოლო `რაკინ ჯორჯია ჰოლდინგს~ გადასცა 63%. თუმცა ეს წილი სრულიად საკმარისია ტელეკომპანიის სამართავად.
მოგვიანებით სენსაციური განცხადება გაავრცელა არაბული კომპანია `რაკინის~ სათაო ოფისმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, `რაკინის~ აღმასრულებელი დირექტორი და მემკვიდრე უფლისწულის და რას ალ ჰაიმის თანამმართველის შეიხ საუდ ბინ საქარის მრჩეველი ჰატერ მესედი კატეგორიულად უარჰყოფს, რომ `რაკინსა~ ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა იურიდიულ პირს ტელეკომპანია `იმედი~ ეყიდოს. `ჩვენ ამასთან არავითარი კავშირი არა გვაქვს, ანდა რატომ ვიყიდდით ტელევიზიას საქართველოში, რისთვის უნდა დამჭირდეს სატელევიზიო სადგური ამ პატარა ქვეყანაში.... საქართველოში არის ვიღაც, ვინც შექმნა საკუთარი კომპანია სახელწოდებით `კფლ ჯორჯია ჰოლდინგი~ და ეს კომპანია მართლაც არსებობს, მაგრამ ჩვენ მასთან არავითარი კავშირი არა გვაქვს. პრობლემა ის არის, რომ მე სახელწოდება, როგორც ბრენდი, არ დავარეგისტრირე, - განაცხადა ბატონმა მესედმა. იმის გათვალისწინებით, რომ თავად `ჯეი-ემ-ჯი~ ოფშორებშია რეგისტრირებული, შეუძლებელია იმის დადგენა თუ კონკრეტულად რომელმა კომპანიამ შეიძინა `ჯეი-ემ-ჯის~ აქციები. შესაბამისად შეუძლებელია `იმედის~ ნამდვილი მმართველის გამოვლენაც, თუმცა ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკის გათვალისწინებით ცხადია, რომ მას სახელისუფლებო გუნდი მართავს.

პატარკაციშვილების ოჯახი დღემდე აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას ტელეკომპანიის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა სამოქალაქო დავების ვადების გათვალისწინებით საქმე ჭიანურდება და ამ ეტაპზე არც ერთ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება. ასევე სადაო რჩება ბადრი პატარკაციშვილის სხვა აქტივებიც, მათ შორის ფონდი `გამარჯვების~, ს/ს `მაუდის~ და შპს `უნივერსალის~ მფლობელობის საკითხიც, რაზედაც სხვადასხვა ქვეყნებსა და ისტანციებში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებითა და მონაცემებით, დღეისათვის არსებული მდგომარეობით წილები ისეთი სახითაა განაწილებული, როგორც #2 სქემაშია წარმოდგენილი.
და ბოლოს, ჟურნალისტური გამოძიების პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა მედიის გამჭირვალეობის კანონპროექტის ინიციატივით, რომლის თანახმადაც ვერც ერთი მედიამფლობელი კომპანია ვერ იქნება დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ გაიშიფრება მანამდე არსებული მდგომარეობა, რადგან ამ კანონის პარლამენტის მიერ მიღების შემდეგ `იმედის~ მმართველო კომპანია ვალდებული გახდება საქართველოში დარეგისტრირდეს.

სქემა #1

სქემა #2

 

 

 

 

 

გამოძიება მომზადებულია დანიური საგამოძიებო ორგანიზაცია (SCOOP)-ის მხარდაჭერით 

 

 

ავტორი: . .