უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის ფონზე, თბილისში უკრაინის მხარასაჭერად აქცია გაიმართა.
სოლიდარობის აქციის ფარგლებში, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან ათეულობით ადამიანი შეიკრიბა.
აქცია სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ასევე რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს ხელთ ეპყრათ უკრაინისა და საქართველოს დროშები და პლაკატები წარწერებით "უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე", "ჩვენ არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში" და სხვა.
მოქალაქეთა განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მზარდი რისკის გამო და აცხადებენ, რომ ამ მეტად რთულ ვითარებაში, ვალდებულნი არიან სოლიდარობა გამოუცხადონ მეგობარ უკრაინას.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა და მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის.
"ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაგვეხმარა უკრაინა 2008 წელს. ასევე გვახსოვს, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში და ფიზიკურად იცავდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენი მხრიდან სოლიდარობის გამოხატვა, მათ შორის მშვიდობიანი ქმედებებით, სწორი ნაბიჯია", - განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
მანამდე, უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისში.