გერმანიაში ჯერ კიდევ მოქმედი 6 ატომური ელექტროსადგურების ნახევარი დღეს გაითიშება. იტყობინება Associated Press-ი.
დღეს გაითიშება ატომური ელექტროსადგურები - ბროკდორფი, გრონდე და გრუნდრემინგენი.
ბროკდორფი მდებარეობს ჰამბურგის ჩრდილო-დასავლეთით 40 კილომეტრში, მდინარე ელბაზე, გრონდე ჰანოვერიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ხოლო გრუნდრემინგენი, მიუნხენის დასავლეთით 80 კილომეტრში.
გერმანიის ხელისუფლების გეგმის მიხედვით, მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაიხურება დარჩენილი 3 ატომური ელექტროსადგური - ემსლანდი, ისარი და ნეკარვესტჰაიმი და დაიწყება ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა.
ატომური რეაქტორები, რომლებიც 1980-იანი წლების შუა პერიოდში ამოქმედდა, მილიონობით ოჯახს ამარაგებდნენ ელექტროენერგიით, თითქმის 4 ათეული წლის განმავლობაში.
ამასთან, გერმანია 2030 წლისთვის გეგმავს ქვანახშირის გამოყენების შეწყვეტას.
ბირთვული ენერგის ეტაპობრივი გაუქმების გადაწყვეტილება გერმანიამ ჯერ კიდევ 2002 წელს, გერჰარ შრედერის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის დროს მიიღო.
მალევე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირების გახანგრძლივებაზე ისაუბრა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ბერლინი უკან წაიღებდა პირვანდელ გადაწყვეტილებას.
თუმცა, 2011 წელს იაპონიაში, ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მერკელმა შეცვალა პოზიცია და გადაწყვიტა, რომ 2022 წელს ქვეყანამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვის განზრახვა.
გერმანიის ამჟამინდელმა მთავრობამ, ოლაფ შოლცის მეთაურობით, ეს გეგმები ძალაში დატოვა.
Associated Press აღნიშნავს, რომ გერმანიაში ყველა არ ეთანხმება ამ მიდგომას ატომური ელექტროსადგურების მიმართ: ზოგიერთი პოლიტიკოსი თვლის, რომ ასეთი ელექტროსადგურები შეიძლება გამოყენებულ იქნას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რადგან ისინი გამოიმუშავებენ შედარებით მცირე ნახშირორჟანგს. შესაბამისად, ატომური ელექტროსადგურები შეიძლება დაეხმარონ გერმანიას ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნების მიღწევაში.
ჯერ კიდევ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად მოხდება გერმანიის ელექტროსადგურებში წარმოებული ათობით ათასი ტონა ბირთვული ნარჩენის შენახვა. ექსპერტები ამბობენ, რომ ზოგიერთი მასალა სახიფათოდ რადიოაქტიური დარჩება 35 000 თაობის განმავლობაში.