პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოხმარება აკრძალული იქნება ტაქსისა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.
თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში – ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანა მოხდება.
კანონს დაემატა ტერმინი – „ბრენდის გაფართოება“. დაწესებულება ვალდებული იქნება, იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, არ დაუშვას თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება.