ევროკავშირის, ნატოსა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის 1000 ლარით ჯარიმა დაწესდა.
შესაბამისი კანონპროექტი დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტით ცვლილება შევიდა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, ასეთი ქმედების ჩამდენი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.
"ახალი პროექტით, ნებისმიერი პირი თუ შებღალავს საერთაშორისო ორგანიზაციის სიმბოლოს, დროშას ან გერბს უცხო სახელმწიფოსას, რომელთანაც საქართველოს აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები და ეს სიმბოლოები არის აღმართული საჯარო დაწესებულებების მიერ, საჯარო დაწესებულებაში ან მის წინ, მაშინ ეს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იქნება 2000 ლარი ან ადმინისტრაციული პატიმრობა", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.