ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის ომიკრონი შტამი უახლოეს კვირებში დომინანტური გახდება ევროპის ბევრ ქვეყანაში.
"ჩვენ შესაძლოა მორიგი ქარიშხლის მოახლოების მომსწრენი გავხდეთ. რამდენიმე კვირაში ომიკრონი ევროპის რეგიონის ბევრ ქვეყანაში დომინანტური გახდება, რაც ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს უფსკრულის პირამდე მიიყვანს", - განაცხადა კლუგემ ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კლუგემ დასძინა, რომ ომიკრონი უკვე ცირკულირებს ევროპის რეგიონში შემავალი 53 ქვეყნიდან მინიმუმ 38-ში. შტამი უკვე დომინანტი გახდა დიდ ბრიტანეთში, დანიასა და პორტუგალიაში.
კლუგეს თქმით, გასული კვირის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსის 2.6 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 40%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით.
"ომიკრონით ინფიცირებული პაციენტების 89%-ს აღენიშნება იგივე სიმპტომები, რაც სხვა შტამების შემთხვევაში, კერძოდ ხველა, ყელის ტკივილი და ცხელება. ყველაზე ხშირად რეგიონში ახალი შტამი 20-30 წლის ადამიანებში გამოვლინდა.
"ომიკრონი" შტამი, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რეგიონში გამოავლინეს, ახლა უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
აშშ-ში "ომიკრონი" უკვე იქცა კორონავირუსის დომინანტურ სახეობად. 18 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 73 პროცენტი "ომიკრონ" ვარიანტზე მოდის.
საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირების 2 შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.