საქართველოში "ომიკრონი" შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.
"რამდენჯერმე გადამოწმდა, სპეციალური პისიარ ტესტებით, რომელიც აღმოაჩენს მუტაციებს. შესაბამისად, ორ შემთხვევაში დადასტურდა. ორივე არის საქართველოს მოქალაქე. ორივეს აქვს მოგზაურობის ისტორია. ერთს ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორეს - დუბაიში. მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა. ეს არის 26. ერთ შემთხვევაში 10, მეორეში - 16", - თქვა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ომიკრონით ინფიცირებული ორივე პაციენტის შემთხვევაში, დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი.
მისივე თქმით, ინფიცირებულები იზოლირებულნი არიან.