ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ, პირველი არხის ცნობით, ისნის რაიონის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა განაცხადა.
გამგებლის განცხადებით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილნი.
„პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის გაჟონვა, რის შედეგადაც მოხდა აფეთქება. დაზიანება მიიღო ხუთმა ადამიანმა, ხუთივე გადაყვანილია შესაბამის კლინიკებში. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაო იმის დასადგენად, რამ გამოიწვია ხანძარი და აფეთქება.
ჩვენი ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც მიიღო დამწვრობა, არის მძიმედ, დანარჩენი ოთხი ინტოქსიკაციით არის გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით, ამ ოთხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.