რუსეთი ოფიციალურად გავიდა ღია ცის შეთანხმებიდან. შესაბამისი გადაწყვეტილება 18 დეკემბრიდან შევიდა მოქმედებაში.
მანამდე, 2021 წლის ივნისში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს რუსეთის ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე. კანონის ხელმოწერის შემდეგ, მოსკოვმა შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს აუწყა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.
შეერთებულმა შტატებმა "ღია ცის შეთანხმება გასული წლის 22 ნოემბერს დატოვა. მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებდა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში უხეშად უგულვებელყოფდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
პომპეოს განცხადებით, აშშ ამ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ბევრად უფრო უსაფრთხოდ იქნება, რადგან რუსეთი მუდმივად არღვევდა მის პირობებს.
ვაშინგტონის პასუხად, 2021 წლის 15 იანვარს რუსეთმა დაიწყო შეთანხმებიდან გასვლის პროცედურები. 19 მაისს რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა შეთანხმდებიდან გასვლას.
ღია ცის შეთანხმებიდან გასვლისთვის აუცილებელია შესაბამისმა ქვეყანამ ამის შესახებ 6 თვით ადრე ამცნოს შეთანხმების ხელმომწერ სახელმწიფოებს.
ღია ცის შეთანხმება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და ითვალისწინებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.
ხელშეკრულება ძალაში 2002 წელს შევიდა და მას წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით, ლეგალურად ახორციელებენ, ეგრეთ წოდებულ, საკონტოლო ფრენებს ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე. ფრენები მიზნად ისახავს დაკვირვებას არსებულ მდგომარეობაზე ეჭვების გაფანტვის მოტივით.