ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, გაზაფხულისთვის ევროპასა და აზიის ნაწილში კორონავირუსისგან, შესაძლოა, კიდევ 700 000-მდე ადამიანი დაიღუპოს.
ამ დროისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, რომელშიც 53 ქვეყანა ერთიანდება, დაღუპულთა რიცხვი უკვე აღემატება 1.5 მილიონს.
ევროპის ქვეყნებში უკვე შეინიშნება ვირუსით ინიფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა, რამაც მთავრობებს, მაგალითად, ავსტრიასა და ნიდერლანდებში, ახალი შემზუღდავი ზომების შემოღებისკენ უბიძგა. შემთხვევების ზრდასთან ერთად, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, რასაც განსაკუთრებულ გამოწვევად თვლიან ხელისუფლებები.
შემთხვევების ზრდის გამო, შეზღუდვების დაწესებას განიხილავენ გერმანია, საფრანგეთი და საბერძნეთი.
ჯანმო-ს ევროპის ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ვაქცინაციის გაკეთებისკენ.
ყველა ჩვენგანს გვაქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ ადამიანური ტრაგედია და საზოგადოებრივი და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა", - თქვა კლუგემ.
მისივე თქმით, ევროპას წინ მძიმე ზამთარი ელის.