ENG / RUS       12+

2001 წლის 11 სექტემბერი - რა მოხდა, რა შედეგები მოჰყვა

2001 წლის 11 სექტემბერს, სამშაბათს, ტერორისტებმა გაიტაცეს ამერიკული სამგზავრო ლაინერები და ნიუ იორკში ორ ცათამბჯენს შეაჯახეს. დაიღუპა სამი ათასი ადამიანი.

ეს ტერაქტი იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა არა მხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. 

რომელ სამიზნეებს მიაყენეს დარტყმა?

თვითმკვლელი გამტაცებლების მცირე ჯგუფებმა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს თავზე ერთდროულად გაიტაცეს ოთხი სამგზავრო ლაინერი. მათ ეს თვითმფრინავები გადააქციეს გიგანტურ ბომბებად, რომლითაც დაგეგმეს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში სიმბოლურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაგებობებს დანგრევა. 

ორი ლაინერი დაეჯახა ნიუ იორკში მდებარე სავაჭრო ცენტრს - ტყუპ ცათამბჯენს. 

პირველი თვითმფრინავი ჩრდილოეთ ცათამბჯენს ადგილობრივი დროით 08:46 სათზე დაეჯახა, მეორე კი სამხრეთ ცათამბჯენს 09:03 საათზე. 

ცათამბჯენებში გაჩნდა ხანძარი და ზედა სართულებზე მყოფ ადამიანებს, გამოსასვლელი გზა გადაუჭრა. ორ საათზე ნაკლებ დროში ორივე 110-სართულიანი კოშკი ჩამოინგრა. 

09:37 საათზე მესამე ლაინერი ვაშინგტონთან მდებარე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უზარმაზარი შენობის - პენტაგონის დასავლეთ ფასადს დაეჯახა.

მეოთხე თვითმფრინავში მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი 10:03 საათზე, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ეს თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ვაშინგტონში კაპიტოლიუმს უნდა დაჯახებოდა.

რამდენი ადამიანი დაიღუპა? 

დაიღუპა 2 977 ადამიანი (მათ შორის არ არის 19 გამტაცებელი თვითმკვლელი). უმეტესობა დაიღუპა ნიუ იორკის ტყუპ კოშკში. 

ოთხივე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 246 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. ყველა მათგანი დაიღუპა. 

ტყუპ ცათამბჯენში ადგილზე დაიღუპა ან შემდეგ დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა 2 606 ადამიანი. 

პენტაგონის შენობაში დაიღუპა 125 ადამიანი. 

დაღუპულთა შორის ყველაზე პატარა 2 წლის კრისტინ ლი ჰენსონი იყო. ის მშობლებთან ერთად ერთ-ერთ თვითმფრინავში იმყოფებოდა. 

ყველაზე ასაკოვანი აღმოჩნდა 82 წლის რობერტ ნორტონი - ის, ცოლთან ერთად ასევე ერთ-ერთი ლაინერის მგზავრი იყო. 

როდესაც თვითმფრინავები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკებს დაეჯახნენ, შენობებში დაახლოებით 17 400 ადამიანი იმყოფებოდა. ჩრდილოეთ კოშკში, არც ერთი მათგანი, ვინც დარტმის ადგილიდან ზედა სართულებზე იმყოფებოდა, ცოცხალი არ გადარჩენილა. სამხრეთ კოშკში დარტმის ადგილიდან ზედა სართულებზე მყოფთაგან 18 გადარჩა. 

დაღუპულთა შორის 77 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ნიუ იორკმა კოშკების ჩამონრევის დროს დაკარგა საგანგებო სამსახურების 441 ადამიანი. ათასობით დაიჭრა ან სერიოზულად დაშავდა, ტერაქტების შედეგად. 

ვინ იყო ამ აქციის ორგანიზატორი და შემსრულებელი? 

ტერორისტული აქტი ავღანეთში, ისლამური ექსტრემისტული ქსელური ორგანიზაციის "ალ ყაიდას" მიერ დაიგეგმა. ავღანეთს მაშინ თალიბები აკონტროლებდნენ. 
"ალ ყაიდა" საუდელი ოსამა ბინ ლადენის მეთაურობით, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ისლამურ სამყაროში კონფლიქტების გაღვივებაში ადანაშაულებდა. 

ტერაქტების უშუალო შემსრულებელი იყო 19 ადამიანი: სამი ჯგუფი ხუთ-ხუთი ადამიანის შემადგენლობით და ერთი ოთხკაციანი. (ეს უკანასკნელი იმყოფებოდა იმ ლაინერში, რომელიც პენსილვანიაში ჩამოვარდა). 

ყოველ ჯგუფში იყო ერთი ადამიანი, რომელსაც თვითმფრინავის მართვა შეეძლო. ყველა მათგანს სწავლება გავლილი ჰქონდა აშშ-ის კერძო საავიაციო სკოლებში. 

მათგან 15 საუდის არაბეთიდან იყო, ორი - არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ერთი - ეგვიპტიდან და ერთიც - ლიბანიდან. 

ჰალიდ შეიხ მუჰამედი და ოსამა ბინ ლადენი

როგორ უპასუხა შეერთებულმა შტატებმა?

ტერაქტებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის ინიციატივით, დაიწყეს ავღანეთში შესვლა. მათი უპირველესი მიზანი იყო "ალ ყაიდას“ განადგურება და ოსამა ბინ ლადენის დაკავება. 

თუმცა ბინ ლადენი იპოვეს და მოკლეს მხოლოდ 2011 წელს და არა ავღანეთში, არამედ პაკისტანში. 

ქუვეითელი ჰალიდ შეიხ მუჰამედი, რომელსაც აშშ ადანაშაულებს 11 სექტემბრის ტერაქტების უშუალო დაგეგმვაში, დააკავეს პაკისტანში 2003 წელს და მას შემდეგ ის კუბაში, გუანტანამოს ციხეში იმყოფება, სადაც ჯერ კიდევ სასამართლოს მოლოდინშია. 

როგორც სპეცსამსახურები ამბობენ, "ალ ყაიდა" ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ყველაზე ძლიერია აფრიკაში, თუმცა მისი წევრები იმყოფებიან ავღანეთშიც. ავღანეთიდან აშშ-ის 20-წლიანი სამხედრო კამპანიის დასრულების გამო, ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ თალიბების მფარველობის ქვეშ ისლამისტური ქსელი ისევ გააქტიურდება. 

2001 წლის 11 სექტემბრის შედეგები

11 სექტემბრის შემდეგ გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები ავიატრანსპორტში.

ტყუპი ცათამბჯენის ნანგრევები ტერიტორიიდან რვა თვის განმავლობაში გაჰქონდათ. უკვე 2006-2013 წელბში ამ ადგილზე ააშენეს ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკი. ის ტყუპებისგან ოდნავ მაღალია (541-მეტრის სიმაღლის, ტყუპების სიმაღლე 415 მეტრი იყო) და ის ამჟამად აშშ-ში ყველაზე მაღალი შენობაა. 

ამის გარდა, ამ ადგილზე ააგეს მემორიალი და მუზეუმი. 

პენტაგონის დანგრეული ნაწილის აღდგენას ერთი წელი დასჭირდა.