ირანმა ბოლო პერიოდში ოთხჯერ გაზარდა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი. იუწყება სააგენტო Bloomberg-ი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კვარტალურ ანგარიშზე დაყრდნობით.
ამასთან, Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი ბირთვულ სფეროში ირანის აქტიურობით.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ანგარიშის თანახმად, ამჟამად ირანის განკარგულებაშია 10 კგ - 60 %-მდე მაღალგამდიდრებული ურანი, მაშინ, როცა სააგენტოს წინა შეფასებისას მიმდინარე წლის მაისში საუბარი იყო 2,4 კგ-ზე. ასევე გაზრდილია 20 პროცენტით გამდიდრებული ურანი - 62,8 კგ-დან 84,3 კგ-მდე.
2015 წელს ირანმა და "ექვსეულის" ქვეყნებმა - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა და გერმანიამ, დადეს ბირთვული შეთანხმება - ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, ირანმა უნდა დაუშვას თავის ბირთვულ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები სანქცების მოხსნის სანაცვლოდ.
2018 წლის მაისში აშშ-მა დატოვა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა და ირანის საწინააღმდეგო სანქციების მოქმედება განაახლა. ერთი წლის შემდეგ ირანმა განაცხადა, რომ ეტაპობრივად ამცირებს თავის ვალდებულებებს ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
2021 წლის თებერვალში ირანმა შეზღუდა სააგენტოს ინსპექტორების წვდომა ბირთვულ ობიექტებზე. თებერვლის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ ზოგიერთი ინსპექციის სამი თვით გაგრძელებაზე. მაისში ეს შეთანხმება კიდევ ერთი თვით გაგრძელდა.
22 მაისიდან ირანმა სააგენტოს ჩამოართვა წვდომა მონაცემებთან, რომლებიც ბირთვული ობიექტების შიდა სივრცეებში კამერებით იყო გადაღებული და ბოლო სამი თვის ვიდეოჩანაწერების წაშლით დაემუქრა.