ბელარუსის საპრეზიდენტი არჩევნებიდან ერთი წლისთავზე, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ფინანსური და სავაჭრო სანქციები დააწესეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბელარუსში არსებულ ვითარებასა და სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა:
"ერთი წლის წინ, ბელარუსმა ხალხმა მოინდომა, რომ დემოკრატიის ყველაზე საბაზისო გამოხატვის გზით - არჩევნებით, მისი ხმა გაგებული ყოფილიყო და საკუთარი მომავალი ჩამოეყალიბებინა. იმის ნაცვლად, რომ ბელარუსი ხალხის ნათლად გამოხატული ნებისთვის პატივი ეცა, ლუკაშენკას რეჟიმმა საარჩევნო თაღლითობა ჩაიდინა, რასაც განსხვავებული აზრის ჩასახშობი სასტიკი კამპანია მოჰყვა. ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებით, 500-ზე მეტი აქტივისტის, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერის და ჟურნალისტის, პოლიტპატიმრებად ციხეში გამომწყვდევით, გლობალური ნორმების შეურაცხყოფით საერთაშორისო ავიარეისის იძულებითი კურსის შეცვლით, ლუკაშენკას რეჟიმის ქმედებები არის არალეგიტიმური მცდელობა, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. ის, ვინც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და გამოხატვის თავისუფლებას, პასუსიმგებელია ჩაგვრას წინ აღუდგეს.
შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს და ამასთანე ერთად, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ლუკაშენკას პასუხს მოსთხოვს. ამისთვის გამოვცემთ ახალ საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას რეჟიმს საფასური გადაახდევინოს და ვაცხადებთახალ სანქციებს ბელარუსი ფიზიკური და იურიდიული პირების წინაღმდეგ იმ როლის გამო, რომელიც მათ დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე თავდასხმებში, ტრანსნაციონალურ რეპრესიებში და კორუფციაში აქვთ. როგორც ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანოუსკაიას ვუთხარი, გვერდში ვუდგავართ ბელარუს ხალხს იმ დროს, როდესაც ის თავისი დემოკრატიული მისწრაფებებისთვის მამაცურად იღწვის".
შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის განმარტებით, სანქციები ვრცელდება 23 პირსა და 21 ორგანიზაციაზე. მათ შორისაა "ბელორუსკალი" - ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმო და მსოფლიოში კალიუმის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი. ასევე სამშენებლო, თამბაქოს, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სექტორში მომუშავე კომპანიები.
სანქციების სამიზნე გახდა ასევე ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომელსაც ბრალად ედება ფულის გათეთრების ხელშეწყობა და სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების თავიდან აცილება.
ამასთან, აღნიშნულია, რომ "ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ვერ მოახერხა ბელარუსი სპორტსმენების დაცვა პოლიტიკური დისკრიმინაციისა და რეპრესიებისგან".
მანამდე, ლონდონმა გამოაცხადა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტის დამტკიცების თაობაზე. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი სანქციების შემოღება ემთხვევა "ბელარუსში არჩევნების გაყალბების ერთი წლისთავს".