რუსეთი ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგარი "დაღმავალი" სახელმწიფოა. ამის შესახებ Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო მეტად სუსტდება.
დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ლონდონმა და ვაშინგტონმა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის "ფასის" შესახებ გააფრთხილეს: "რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია ამ საკითხზე დიდი ბრიტანეთის პოზიციაში. მათ ასევე იციან, როგორია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია, ვინაიდან კომუნიკაციის არხები ღიაა". MI6-ის უფროსმა ასევე თქვა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრირება, ცივი ომის შემდეგ, სამხედრო ძალის ასეთი მასშტაბით მობილიზების პირველი შემთხვევაა.
რიჩარდ მურმა ალექსეი ნავალნის დაკავებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კრემლის კრიტიკოსის ციხეში მოხვედრა პუტინის შიშებზე მიუთითებს. მურის აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა იცის, თუ რამდენად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია მისი ქვეყანა. პუტინს კარგად ესმის თუ რამხელა საფრთხეს უქმნის ფინანსური არასტაბილურობა მის ძალაუფლებას. ამიტომაც, პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს პროტესტი ჩაახშოს. მური მიიჩნევს, რომ პუტინის მცდელობების მიუხედავად, ნავალნის მხარდამჭერების მობილიზებამ აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა კრემლის პოლიტიკით.
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებასთან ერთად, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ 2020 წელს ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა, ევროპასა და ბრიტანეთში რუსეთის უკანონო საქმიანობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. კომიტეტმა რუსეთი 2014 წლის შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებით მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულა. ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტმა აღნიშნა, რომ ეს პოსტსაბჭოთა პერიოდში, დასავლურ დემოკრატიაში, კრემლის პირველი მასშტაბური ჩარევის მცდელობა იყო.
კომიტეტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ რუსეთი ბრექსიტის მხარდამჭერ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა. ამისთვის ოფიციალური მოსკოვი სპუტნიკის მსგავს მედიასაშუალებებს, ასევე "ბოტებსა" და "ტროლებს" იყენებდა. კომიტეტმა 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევაც არ დატოვა უყურადღებოდ.
რუსეთი, მისი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, მართლაც დაღმავალ ძალას წარმოადგენს. ამ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, კრემლს ბევრი დასაკარგი არაფერი აქვს. სწორედ ამიტომ, ის დაღმავალთან ერთად დამანგრეველ ძალადაც შეიძლება იქცეს. ის რომ პუტინის რუსეთი სუსტდება, არ ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებმა ის უყურადღებოდ უნდა დატოვონ. დასავლურმა სამყარომ ძალები და რესურსები უნდა გააერთიანოს, რომ პუტინმა საერთაშორისო სამართლებრივი თუ პოლიტიკური წესრიგის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა იგრძნოს. დასავლურმა სამყარომ მთელი ძალისხმევა ევროპული საზოგადოებების მდგრადობის გაზრდისკენ უნდა მიმართოს და ამ გზით რუსული გავლენის ოპერაციები ეფექტურობას ნამდვილად დაკარგავენ. დანარჩენს, კი რუსეთის სტაგნაციური ეკონომიკა და დემოგრაფიული პრობლემები გადაწყვეტს.
ლელა გორდელაძე