ENG / RUS       12+

სავარაუდოდ, ეს ყველაფერი შემოდგომაზე ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს - ლევან ალაფიშვილი

რესპოდენტის შესახებ

ლევან ალაფიშვილი - სამართლის სპეციალისტი

ლევან ალაფიშვილი - სამართლის სპეციალისტი

ბოლო პერიოდში საქართველოში მთავარ პოლიტიკურ ამბად ამნისტიის კანონპროექტის შექმნა იქცა, სხვადასხვა ვარიაციებით. პარალელურად კეთდება განცხადებები, მელიას თავდებობის ევროკავშირის მხრიდან, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ და ა.შ. ამნისტიის პროექტების პრინციპები და ეს განცხადებები რამდენად არის სამართლებრივად გამართული და თანხვედრაში ხელმოწერილ დოკუმენტთან, ამ საკითხებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ სამართლის სპეციალისტს, ლევან ალაფიშვილს, ესაუბრა.

ლევან ალაფიშვილი: ყველაზე აქტუალური, ჩემი აზრით, არის ის, რომ საქართველოში პოლიტიკურ სუბიექტებს დასჭირდათ გარედან იმაზე მითითება, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი ქვეყნის შიგნით უნდა მოძებნო. ეს შენი ვალდებულებაა და შესაბამისად, მხოლოდ კონსენსუსი არის ის გზა, რითაც შეიძლება, სახელმწიფო ააშენო და განავითარო. სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ვუყურებთ, ამდენი ხნის - 30 წლის, განმავლობაში ჩვენ ხომ მხოლოდ ერთმანეთზე ვიმარჯვებთ, ერთმანეთს ვამარცხებთ. აბა, გავიხსენოთ, ყველა არჩევნებზე როგორია სიძულვილი, ერთმანეთის განადგურების მცდელობა და უნდა გავიხსენო, 2013 წელს ჩვენმა დიდმა ევროპელმა მეგობარმა, სიკორსკიმ, გვითხრა, თქვენ გქონდათ თქვენი კავკასიური ვენდეტა და რეფორმებს მიხედეთ, სახელმწიფო ააშენეთო. მისი ამ ნათქვამიდან რვა წელი გავიდა და ისევ ამ წრეზე ვტრიალებთ.

- ოპოზიციაში და საზოგადოებაშიც მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით დღემდე არ არსებობს ერთიანი პოზიცია. ხელმომწერები ამბობენ, რომ ეს ოპოზიციის გამარჯვება იყო. ვინც ხელი არ მოაწერა, დღემდე იძახის, რომ მეტის მიღწევა იყო შესაძლებელი, ოპოზიციის ერთი ნაწილი თანხმობაზე რომ არ წასულიყო. თქვენ როგორ აფასებთ ამ დოკუმენტს?

- რაც შეეხება დოკუმენტს, არამხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო თვალსაზრისითაც, პირველი პრეცედენტია, როდესაც ამერიკამ და ევროპამ გვითხრა, თქვენი არეულობებით და განსხვავებულობით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნები ხართ ჯერ ისევო. ეს გვითხრეს ამ დოკუმენტით და ცხადია, ჩემი მხარდაჭერა ხელმომწერთა სასარგებლოდ იხრება. მაგრამ ჩვენი მეგობრების ნათქვამს ჯერ კიდევ კარგად ვერ ვაცნობიერებთ. გვინდა, ის რაღაცეები, ჩვენი შეცდომები ჩვენს ვიწრო გამარჯვებად მოვნათლოთ, რაღაცეები შევფუთოთ და ილუზიებში ვიყოთ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. არა, არ არის ყველაფერი კარგად. კარგი მოცემულობა გვაქვს მაგრამ უკეთესი უნდა შევძლოთ. შეგვეძლო და ვერ შევძელით, მაგრამ ეს დასასრული არ არის.

- უკეთესში რას გულისხმობთ? თქვენც თვლით, რომ უკეთესი ვარიანტის მიღწევა იყო შესაძლებელი?

- ჩემი გულისტკივილი, როგორ ერთი მოქალაქის და ამომრჩევლის და რომელიც წარმოაჩენს ჩვენს პოლიტიკურ კომპასს, ჩვენი პარტიების რეალურად დამოკიდებულებას საკუთარი წევრებისა და ამომრჩევლებისადმი არის ის შეცდომა, რომ პარტიებმა ამნისტიის ამ ჩანაწერზე მსჯელობის დროს იცოდნენ რა, რაც ეწერა იმ დოკუმენტში, საკუთარ წევრებს და საკუთარ ამომრჩევლებსაც კი არ უთხრეს, რა ეწერა შიგნით. იქ რომ საყოველთაო ამნისტია ეწერა და 20 ივნისის თემა სამუდამოდ და საბოლოოდ დაიხურებოდა, ამის თქმა არც კი ჩათვალეს საჭიროდ. ბევრი ვიცი, რომ პარტიების წევრებმაც კი არ იცოდნენ, რაზე აწერდნენ ხელს მათი ლიდერები. ამომრჩეველზე აღარაფერს ვამბობ. პოლიტიკოსების მხრიდან ამომრჩევლის და საკუთარი წევრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი კარგი არ არის, ამომრჩევლის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს და ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს. ფაქტია, რომ პარლამენტში შესულმა დაუშვეს არა შინაარსობრივი შეცდომა, რომ ყოფილიყო თუ არ ყოფილიყო შერიგება, შერიგების წინააღმდეგი არავინ არ უნდა იყოს, არამედ ის შეცდომა დაუშვეს, რომ საკუთარ თავს მისცეს უფლება, ამომრჩეველს არც კი უთხრეს, რას აპირებდნენ. უნდა ეთქვათ, რომ დასავლეთის მოთხოვნა იყო შერიგება და იცოდეთ, ეს რას ნიშნავსო. არა, ამომრჩეველს კი არა, საკუთარ წევრებს არ უთხრეს და ახლა ასეთი პარტიები რომ გვეტყვიან შემოდგომაზე, თქვენზე ზრუნვით აღარ გვძინავს დღე და ღამე და ხმა მომეცითო, როგორ უნდა დავიჯეროთ? ასე რომ, ის არის ის მოცემულობა, რომელიც არ გამიხარდება, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს შემოდგომაზე ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს მთლიანი პარტიული სისტემის მიმართ. ამდენი ხნის განმავლობაში ვარქმევთ სახელს, რომ ვითომ დემოკრატიაა, ვითომ ამომრჩეველთან გვაქვს კონტაქტი და სინამდვილეში ამომრჩეველი საერთოდ არ გვაინტერესებს. ბოლო პროცესებმა ეს წარმოაჩინა და სამწუხაროდ, ყველას შეეხება და ამის შეფუთვა აღარ არის საჭირო, რადგან ახალი თაობა საკმაოდ კარგად ერკვევა ყველაფერში.

- ამნისტიის შესახებ კანონპროექტები სამართლებრივად რამდენად გამართულია და სამართლებრივად რომელი პროექტი უფრო ადეკვატურად პასუხობს როგორც საზოგადოების, ასევე, მიშელის დოკუმენტის პრინციპებს?

- სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ, ამ პერიოდში რაღაც ილოზორული, ვითომ იურიდიული მექანიზმები გამოიგონონ და შეფუთონ, როგორც გამარჯვება და წარმატება. რამდენიმე ძალიან მარტივი საკითხია, რომელიც ჩემმა პირველ და მეორეკურსელებმა ძალიან კარგად იციან და სამარცხვინოა, რომ პოლიტიკოსები საპირისპიროდ წარმოაჩენენ ძალიან მარტივ რაღაცეებს და ეს ეხება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. პირველი, ევროკავშირის გირაო და ნიკა მელიას შემდეგი ბედი - ამამზე პასუხი არის ის, რომ ევროკავშირი იქნება თუ ვინმე სხვა, ნებისმიერი გირაოს გადახდის შემდეგ ბრალდებული, ამ შემთხვევაში, ნიკა მელია, შეიძლება გათავისუფლდეს საპატიმროდან სასამართლო განხილვის პერიოდში, მაგრამ სასამართლო განხილვა შესაძლოა, დასრულდეს გამამტყუნებელი განაჩენით და ის შებრუნდეს ციხეში, როგორც დამნაშავე. ამას ვერავინ ვერ შეცვლის, კანონია და ეს ყველგან ასეა. მეორე, საერთაშორისო სტანდარტია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამამართლებელ განაჩენზე, რაც იმას ნიშნავს თავისთავად, რომ მას შეუძლია, თქვას, ვაგრძელებ სასამართლო განხილვის პროცედურებს და უარს ვამბობ ამნისტიის აქტის ჩემს მიმართ გამოყენებაზე. ეს არის ადამინის საერთაშორისოდ აღიარებული უფლება, მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ნორმა კი არა და, თუკი ბრალდებული ამ გზას აირჩევს, შესაძლებელია, ის სასამართლო განხილვის პერიოდში დარჩეს ციხეში და ასევე შესაძლებელია, სასამართლომ მის მიმართ გამოიყენოს გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ, თუკი მელია ამ გზას აირჩევს, დარჩეს ციხეში. მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, უკვე მსჯავრდებულს ამნისტიის პირობები შეეხება. ამიტომ ამნისტიის კანონში ბრალდებულის თანხმობის შემოტანა სამართლებრივად ძალიან სუსტი ნაბიჯია და კრიტიკას ვერ უძლებს. 

კიდევ ერთი „საინტერესო“ ინიციატივა იყო, რომელიც, მგონი, ოპოზიციას საერთოდ კარგად არა აქვს გაცნობიერებული, თუ როგორ შეიძლება, დაიზიანოს თავი. ეს არის საგამოძიებო კომისიის იდეა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეუბნებიან და დოკუმენტში ჩაწერეს კიდეც, რომ შერიგება არის აუცილებელი და ამნისტია არის შერიგების პირობა. ეს კი აპრიორი გამორიცხავს ნებისმიერ ქმედებას, რაც შერიგების წინააღმდეგია. გამოძიება, პარლამენტის კომისია იქნება თუ სხვა, სწორედ ასეთი ქმედებაა, რომელიც თავისი არსით შერიგების საწინააღმდეგოა. ამ დოკუმენტს ხელი ორივე მხარემ მოაწერა და პოლიტიკოსი რომ ხარ და საგამოძიებო კომისიას გაიძახი, რომლის მსგავსი რამ შეთანხმებაში საერთოდ არ გიწერია, შენ ხომ შეთანხმების იდეაზე ეუბნები უარს შენს სტრატეგიულ პარტნიორს? ამით ხომ ეუბნები, არა, მე ანგარიშსწორება და სისხლი მინდაო? ეს კი იმას ნიშნავს, რომ სნ აყირავებ შეთანხმების მაგიდას და ამით ვის აძლევ კოზირს? შენი უგუნურობით ვის აძლიერებ? ამით ხო სწორედ „ქართულ ოცნებას“ აძლიერებ და ამდენი ხნის განმავლობაში რასაც ვუყურებთ, „ქართული ოცნება“ მშრალად აკეთებს კომენტარებს, რომ ასრულებს შეტანხმებას და ოპოზიციის ყველა ნაბიჯი ჩიტი გალიაში რომ მიექცევა, იმას ჰგავს. ხელისუფლება ამით ძალიან მარტივად ეტყვის პარტნიორებს, რომ აი, ჩვენ ვასრულებთ პირობას და ესენი ამას ამბობენ. უცხოელი პარტნიორი კი ამაზე იტყვის, რომ უნდა შეასრულო ის ვალდებულება, რაც დოკუმენტში წერია და რაზეც ხელი გაქვს მოწერილი. ეს ხომ ზალიან მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტებაა, ამიტომ ახლა ახალ ინიციატივებზე ლაპარაკი უნდა დამთავრდეს, რადგან აქ სამართლებრივად ჩიხია და უკეთესი გამოსავლები უნდა ვეძებოთ.

მეოთხე, ჩვენი პოლიტიკოსების უგუნურობის მორიგი დემონსტრირებაა ის, რომ ამდენი ხანი მიდიოდა პროცესი და ვიცით კიდეც, რომ პლებისციტი ისევე, როგორც რეფერენდუმი მოიცავს მხოლოდ ორ საკითხს - დიახ და არა, სხვა პასუხი ხომ არ არსებობს. ჩვენი ოპოზიცია ამბობდა, რომ ჩვენ მივდივართ რეფერენდუმში და, თუ ეს ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორ არჩევანს შორის უნდა წავსულიყავით - ქართული ოცნება და ოპოზიცია, სხვა ვერ იქნებოდა. თუ ეს ასეა და პლებისციტში შეგვიყვანეს და გვეუბნებიან, ართ ან მეორე ვარიანტს შორის უნდა გააკეთოთ არჩევანიო, მერობის კანდიდატები, მესამე ცენტრი და მსგავსი საკითხები საერთოდ რაღა შუაშია? სამართლებრივი ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? თუ გვეტყვიან, რომ ჩვენი მიზანი იყო პარლამენტში შესვლა და მერე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადება და საკუთარი პიროვნული ამბიციების წარმოჩენაო, კი, ბატონო, გასაგები იქნება. ცხადია, სამწუხარო იქნება, რომ, თურმე, მართალას არ გვეუბნებიან, მაგრამ სამართლებრივ აბდაუბდაში მაინც არ აღმოვჩნდებით. ძალიან ბევრი დაგროვდა ასეთი საკითხები და ვურჩევ, რომ ცოტა ხანს გაჩერდნენ, შევიდნენ პარლამენტში, იქ გაერკვევიან რაღაცეებში, ცოტა დატკბებიან ერთმანეთში და ამასობაში იქნებ, საზოგადოებამაც შეუძახოს და ისიც გაიგონ, რომ საზოგადოების და მათი დღის წესრიგი ძალიან აცდენილია.

- ამნისტიის კანონთან დაკავშირებით გაჟღერდა დაზარალებულის თანხმობის ვალდებულების ჩადებაც. ეს რამდენად ჯდება ამნისტიციის სამართლებრივ სისტემაში?

- ესაც არის ზუსტად იმ საკითხთა შორის, რომლის პოლიტიკური შეფუთვაც ხდება, რათა თავი იმართლონ 20 ივნისს დაზარალებულთა წინაშე. მხოლოდ ეს არის, თორემ სამართლებრივი შინაარსი ამას არა აქვს. სხვა თუ არაფერი, დაზარალებულის სტატუსი რომ არა აქვთ, ვისი თანხმობა უნდა ჩაიდოს? სტატუსი რომ არა აქვს, რა თანხმობა და ვის უნდა მოსთხოვო? ეს არის უგუნურობის მაგალითი და ამ პრობლემაზე ვსაუბრობ ზუსტად. ამასთან, ამნისტია არის ფართო ტიპის და რა პირობებზეა ლაპარაკი და მესამე, დოკუმენტის საფუძველი არის შერიგება და შერიგების ინსტრუმენტია ამნისტია. ამიტომ რა თანხმობა, ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ? ამნისტიის და დაზარალებულის თანხმობის თემა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შემადგენელის მატარებელი, რომელსაც პრაქტიკულ-სამართლებრივი შინაარსი არა აქვს. ამნისტია ეხება კონკრეტულ მუხლებს და კონკრეტულ პერიოდში მომხდარ დანაშაულებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ამნისტია ფართო წრეს ეხება, განსხვავებით შეწყალებისგან, რომელიც ინდივიდუალურია და ძალიან საინტერესოა, ამნისტიის კანონში ასეთი კონკრეტული საკითხები როგორ უნდა ჩაწერონ. ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ხალხმა შეწყალებას და ამნისტიას შორის განსხვავება არ იცის.

- ოპოზიცია სულ აპელირებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ნიკა მელია პოლიტპატიმრად აღიარა იმით, რომ ევროკავშირი მზად არის, მისი გირაო გადაიხადოს. გვესმის კიდეც შეფასებები, რომ ეს არის „სილის გაწვნა ოცნებისთვის“ და ა.შ. სამართლებრივად, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე მზადყოფნა პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს?

- არა. პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ არა. ესაც არის იმ საკითხთაგანი, რომლის პოლიტიკურად შეფუთვაც ხდება ჩვენი ამომრჩევლების დასაბნევად, რომ აი, მიღწევა გვაქვსო. რა მიღწევაა, დოკუმენტის კითხვა ჩვენც ხომ შეგვიძლია და აქ წერია „პოლიტიკურად აღქმული საქმე“. ანუ, წერია, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკურად აღქმული საქმეებიო და მერე? ნაცმოძრაობა მისი პარტიის ლიდერის დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად რომ აღიქვამს, გასაგებია, მაგრამ მმართველი პარტია არ აღიქვამს ასე და კონკრეტული არგუმენტებიც აქვს და სად არის აქ „ქართული ოცნების“ მიერ ამის აღიარება? ლოგიკა ვერ დავინახე, სამართალზე აღარაფერს ვამბობ. ამ ოპოზიციის ნაწილი იყო იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც 2013 წლის დასაწყისში პოლიტიკური ამნისტია რომ შექმნეს და ამნისტიის იმ აქტში რა ჩაწერეს, ევროსაბჭოს რომელი სტანდარტებით ვხელმძღვანელებთ პოლიტიკური მოტივით დევნილებთან დაკავშირებთო? ჩაწერეს თუ აღარ ახსოვთ თავისი ჩაწერილი და აბა, სადღაა ახლა პოლიტიკური დევნა? ამიტომ ახლა ამაზე აპელირება, რომ მელია პოლიტპატიმრად აღიარეს, ძალიან გულუბრყვილობაა, რბილად რომ ვთქვათ. კი, ბატონო, არის ნეიტრალური ჩანაწერი, რომ საზოგადოებაში და პოლიტიკური ძალების ნაწილში არის წუხილი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით და მორჩა. ამიტომ რაღად გვინდა ახლა იმის თქმა, რაც უბრალოდ არ წერია და სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. კიდევ ვიმეორებ, ასეთი საქციელი ხო ზუსტად მმართველ პოლიტიკურ ძალას აძლიერებს, სხვა თუ არაფერი.

რუსა მაჩაიძე, ჯი-ეიჩ-ენი