შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისთვის უჩვეულოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში დაბრუნდა.
დონალდ ტრამპი კვლავ გამოჩნდა სოციალურ ქსელ Gab-ში, რომელიც Twitter-ის ალტერნატიულ სოციალურ ქსელად ითვლება და აქტიურად იყენებენ მემარჯვენე განწყობის ადამიანები. ტრამპი Gab-ის მომხმარებელია 2016 წლიდან, თუმცა მისი ბოლო პოსტი 8 იანვარს დაწერა.
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის შემდეგ, Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა Gab-ის ანგარიშზე თავისი ადვოკატის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ადვოკატი დემოკრატ კონგრესმენს ჯეიმი რასკინს მიმართავს, რომ დონალდ ტრამპი არ აპირებს სენატის იმპიჩმენტის პროცესზე გამოცხადებას.
მანამდე კონგრესმენმა რასკინმა, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურას ხელმძღვანელობს, წერილობით მიმართა დონალდ ტრამპს, რათა ფიცის ქვეშ ჩვენება მიეცა იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას.
ტრამპის ადვოკატი წერილში აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ბრალდებების დამტკიცება ამერიკის 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად კერძო პირია.
ტრამპის ადვოკატები იმპიჩმენტის პროცესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება სენატში მომავალ კვირას იგეგმება.
იმისთვის, რომ სენატში პრეზიდენტის ბრალეულობა დამტკიცდეს, სენატის 2/3-ის თანხმობაა საჭირობა. ამ დროისთვის, სენატში არსებული მანდატი, თანაბრად არის განაწილებული (50-50) დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის. შესაბამისად, დემოკრატებს პროცესის ბოლომდე მისაყვანად 17 რესპუბლიკელი სენატორის მიმხრობა დასჭირდებათ.
იმპიჩმენტის პროცესის დამტკიცების შემთხვევაში, გზა გაეხსნება ახალი ინიციატივის წამოყენებას, რაც ტრამპისთვის მომავალში სამთავრობო თანამდებობის დაკავების აკრძალვას შეეხება. ასეთ შემთხვევაში, ამ აკრძალვის დასაწესებლად სენატის უბრალოდ უმრავლესობა საკმარისი იქნება.
წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 14 იანვარს გამოუცხადა. ტრამპი პირველი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. პირველად წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, 2019 წელს გამოუცხადა.