რიო დე ჟანეიროს მერიამ 2021 წელს კარნავალი გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ქალაქის მერმა ედუარდუ პაისმა Twitter-ზე დაწერა.
კარნავალის ორგანიზატორებმა სექტემბერში კორონავირუსის გამო კარნავალი 2021 წლის თებერვლისთვის გადადეს. ნოემბერში სამბას სკოლის ლიგამ ორგანიზატორებს შესთავაზა კარნავალი ივლისში გაიმართულიყო, თუ ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით წარმატებით წარიმართებოდა.
პაისი წერს, რომ ივლისში კარნავალი ვერ გაიმართება, მისი თქმით ღონისძიებას დიდი სამზადისი სჭირდება, რაც ამ მომენტისთვის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე წარმოუდგენელია.
მისივე თქმით, კარნავალი 2022 წელს აღინიშნება ისე, როგორც ამას ხალხი და კულტურა იმსახურებს.
ბრაზილია COVID-19-სგან ყველაზე მეტად დაზარალებული ერთ-ერთი ქვეყანაა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 8 697 368 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 214 147 ადამიანი.