ფაქტობრივად, ვხედავთ, ჩასაძირი გემის კაპიტანი პირველი გარბის გემიდან , - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ივანიშვილის წასვლა, თუ ეს რეალური წასვლაა, ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, კორონა კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი, უფრო ჰგავს პასუხისმგებლობის მოშორებას და გაქცევას ჩასაძირად გამზადებული გემიდან, რომლის სახელიცაა ქართული ოცნება.
"ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ამ გემის კაპიტანი პირველი გარბის ამ გემიდან. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ მზარდ ზეწოლას ქართულ ოცნებაზე აშშ-დან, ევროკავშირიდან და ამ ფონზე, ამ ნაბიჯით ის ცდილობს გაემიჯნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის თვალში და ამით გარკვეულწილად სახე შეინარჩუნოს. მოგეხსენებათ, რომ მისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი ზუსტად დასავლეთშია დაბანდებული. აქედან გამომდინარე მისთვის მისი ფინანსური იმპერიის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა და განვითარება", - ამბობს ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ ამ ყელაფერს წინ უძღოდა ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების აუცილებლობაზე და სამართლიანი არჩევნების დანიშვნაზე.
"სავარაუდოდ, ესეც მკაფიო გზავნილია ივანიშვილისთვის. ასევე, სენატორების განცხადება, რომ 2012 წელს საქართველოში განხორციელდა არჩევნების გზით მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება და რომ ეს არის კარგი მაგალითი.
ერთი მხრივ, ის ხედავს, რომ ვერცერთ ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება ქართული ოცნების გუნდი და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება ქვეყანაში. ამის ფონზე მას აღარ სურს ამ წარუმატებელ გუნდთან საკუთარი თავის გაიგივება და ისედაც დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანება. მეორე მხრივ, უახლოესი თვეები დაგვანახებს რამდენად რეალურია ეს წასვლა და ხომ არ იქნება ესეც პარტიის არაფორმალურად მართვის სტილზე გადასვლა. ივანიშვილი მთელ ქვეყანას მართავს არაფორმალურად, ისე რომ არცერთი პოსტი არ უკავია და პარტიის მართვაც იგივე სქემით არ გაუჭირდება. მით უმეტეს, რომ ადრეც გვინახავს მსგავსი სცენარი, როდესაც ივანიშვილი თითქოს წასულა თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ქვეყნის და პარტიის რეალურ მართვას მაინც ის ახორციელებდა. თუმცა, ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არ იყო ასეთი მწვავე კრიზისი და ქართული ოცნების და პირადად ივანიშვილის რეპუტაცია არ იყო ასე დაზარალებული. ახლა კი სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია და საკუთარი იმიჯის და ქონების გადარჩენა პირველი პრიორიტეტია ივანიშვილისთვის. ამიტომ, არ გამოვრიცხავ რომ მას მართლა უნდოდეს პოლიტიკისგან დისტანცირება და საკუთარი პასუხიმგებლობისგან გაქცევა", - თქვა ჩიხლაძემ.