ქართული ოცნების აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არსებობს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსი.
კობახიძის თქმით, ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციამ მიზანს მიაღწია და პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებამდე ააყირავა მოლაპარაკებების მაგიდა.
"პოზიციების დაახლოების კუთხით, პროგრესი იყო მნიშვნელოვანი. თუმცა, მათ უნდოდათ, რომ აუცილებლად პირველ სხდომამდე ჩაეშალათ მოლაპარაკებები და ამას, სამწუხაროდ, მიაღწიეს, მაგრამ ვფიქრობ, მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსი არსებობს. ისინი თავიანთ მოთხოვნას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არჩევნების გაყალბების მტკიცებაზე აფუძნებდნენ. ამ დროს, ჩვენ ვაცხადებთ, რომ გადათვალონ მონაცემები საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და თუ მინიმალური გადახრაც კი დაფიქსირდება, ვატარებთ არჩევნებს, რაც იყო მათი მთავარი მოთხოვნა. ამის მერე კიდევ რომ მაგიდას აყირავებ, ეს არის საბაბი", - განაცხადა კობახიძემ.