"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
კობახიძის თქმით, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
მისივე თქმით, თუ საგამოძიებო კომისია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრასაც კი დაფიქსირებს, რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება.
"ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთპროცენტიანი გადახრაც კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას", - განაცხადა კობახიძემ.