ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომ ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს, ვისაც მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს.
კაპანაძის თქმით, როდესაც ევროპული საქართველო იყო პარლამენტში, ხელისუფლებას არცერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია ბიუჯეტთან და კოვიდთან ბრძოლასთან დაკავშირებით.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ახლა გახარიას ასეთი ყალბი საბაბები ვერ გამოადგება, რათა ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. როგორც კაპანაძემ განაცხადა, თუკი გახარიას სურდა, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, მაშინ მას არ უნდა გაეყალბებინა არჩევნები და ამ შემთხვევაში, თავად აღმოჩნდებოდა ოპოზიცია.
„გახარიას ამ ყალბ შემოთავაზებას რათქმაუნდა არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რომ არ შევიდეს პარლამენტში.
არანაირი ბიუჯეტის განხილვა მნიშვნელოვანი თემა არ არის, ჩვენ წლები პარლამენტში ვიყავით და არცერთხელ არცერთი რეკომენდაცია ჩვენს მიერ მიცემული ბიუჯეტთან დაკავშირებული ან გადასახადების შემცირებაზე, ან პენსიების გაზრდაზე და ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებაზე, არცერთხელ არ გაუთვალისწინებიათ.
არცერთი ჩვენი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებიათ კოვიდთან ბრძოლის დროს, მომზადებასთან დაკავშირებით, რომ ასეთი კრიზისი და კატასრტოფა არ მიგვეღო, არ გაუთვალისწინებიათ და ახლა გაახსენდა გახარიას, რომ ოპოზიციის მიერ ბიუჯეტის განხილვა არის მნიშვნელოვანი.
ამრიგად, ეს ყალბი სენტენციები შეუძლია შეინახოს თავისთვის და მოუყვეს ივანიშვილს, თუ მას სურდა, რომ პარლამენტში მართლა ყოფილიყო ოპოზიცია და მართლა ყოფილიყო სერიოზული დისკუსია, მას არჩევნები არ უნდა გაეყალბებინა და თვითონ იქნებოდა ოპოზიცია ამ პარლამენტში.
ახლა, როდესაც მან არჩევნების გააყალბა, ის ამ პარლამენტში ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს და ვერანაირი ასეთი ყალბი საბაბი ამისთვის მას არ გამოადგება.“ - განაცხადა კაპანაძემ.