ხმა მივეცი მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ძალზედ ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული.
"ცხრა პარტიას მისცა ხმა ამომრჩეველმა. ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგანაც უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც, პანდემიის კრიზისიდან და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული,რომ ყველა არ მონაწილეობდეს მასში და არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, დავძლიოთ კრიზისი. ამას ვუსურვებ საქართველოს, ამას ვუსურვებ ყველას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.