თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა პრობაციის ბიუროს მოთხოვნა მუსიკოს მიხეილ თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და მუსიკოსი კვლავ შინაპატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ მუსიკოსს შინაპატიმრობის პერიოდი ორი საათით გაუზარდა და მას 19:00-დან დილის 08:00 საათამდე მოუწევს შინაპატიმრობაში ყოფნა.
მიხაილოს 2013 წელს 9 წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეფარდა კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის და მისი მოხმარებისთვის. ის თითქმის 6 წელი იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2019 წლის ოქტომბერში კი, საპატიმრო სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით - 2 წლისა და 11 თვის ვადით. შინაპატიმრობის წესების შესაბამისად, მას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება 21:00 საათიდან 08:00 საათის ჩათვლით. სწორედ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო მოითხოვს პრობაციის ბიურო შინაპატიმრობის გაუქმებას და მიხაილოს დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.