COVID-19-ის პანდემიის ფონზე, სსფ-მ საქართველოში მისია ვირტუალურად წარმართა. მისიამ მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით შეხვედრები საქართველოს ეკონომიკის და საფინანსო სექტორის ვითარების მიმოხილვის და სტრუქტურული რეფორმებში მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით გამართა.
"COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. მაშინ როცა პანდემიის გავლენა ჯანდაცვაზე წარმატებულად კონტროლდება, საქართველოს საგარეო პოზიცია გაუარესდა, რამეთუ ტურიზმიდან შემოსავალი, ფაქტიურად, გაქრა. წინასწარი მონაცემების მიხედვით ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა ივნისიდან დაიწყო. კერძო სექტორის დაკრედიტება კვლავ ჯანსაღი ტემპით მიმდინარეობს, რასაც, ნაწილობრივ, ხელს უწყობს მთავრობის პროგრამა ლარში აღებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების შესახებ. ბოლოხანს ინფლაციის ტემპმა იკლო, სუსტი მოთხოვნის და ეკონომიკის ჩაკეტვის შემდგომ პერიოდში აღდგენილი მიწოდების გავლენით.
მიმდინარე წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემცირება 5 პროცენტით. ეს მაჩვნებელი, სსფ-ს პროგრამის მეექვსე მიმოხილვისას ნავარაუდევ ზრდის ტემპზე ნეგატიურია, რადგან: ერთის მხრივ, 2020 წლის მეორე კვარტალის ფაქტიური მაჩვენებლები და, მეორეს მხრივ, საგარეო მოთხოვნის აღდგენა მოსალოდნელზე სუსტია. პანდემიის გარშემო არსებული დიდი გაურკვევლობის გამო, ზრდის ზემოაღნიშნული პროგნოზის თანმხლები რისკების უმეტესობა ნეგატიურია, რაც პროგნოზს დაღმავალი მიმართულებით შეცვლის. თუ რისკები განხორციელდა, მათ შორის, სავაჭრო პარტნიორების სუსტი ზრდა მეტ ხანს გაგრძელდა და ტურიზმი ვერ აღდგა, საჭირო გახდეს გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, ეკონომიკის მხარდამჭერი შემდგომი ღონისძიებების გატარება.
პანდემიამდე გატარებულმა გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ: საგარეო და ფისკალური ბუფერების დაგროვებამ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, შესაძლებლობა მისცა ხელისუფლებას განეხორციელებინა მნიშვნელოვანი ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესაკავებლად. მთავრობამ გაზარდა სოციალური ხარჯები, აამოქმედა გადასახადების დროებითი შეღავათები მოსახლეობასა და ბიზნესისთვის. საქმიანობის შესანარჩუნებლად სუბსიდია გამოუყო შოკისგან განსაკუთრებით დაზარალებულ სექტორებს. საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება თანდათანობითი ფისკალური კონსოლიდაცია (ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება), 2020 წელს შემოსავლების ნაწილში დანაკლისის გამო. ამას მოითხოვს ქვეყნის კანონი ‘ეკონომიკური თავისუფლების შესახებ’. ეს აუცილებელია ფისკალური მარაგის შესაქმნელად რათა გაწეულ იქნეს საჭირო ხარჯები განათლების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით მისია მიესალმება საგადასახადო ადმინისტრირების, ასევე ფისკალური რისკების აღწერის და მონიტორინგის გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებს; სახელმწიფო საწარმოების კორპორატიული მართვის გაუმჯობესების სტრატეგიის ჩამოყალიბებას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გადადგა ნაბიჯები ეკონომიკური აქტივობისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად, მათ შორის, შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. “COVID-19 შოკის დასაწყისშივე, სებ-მა შეამსუბუქა კაპიტალის და საზედამხედველო მოთხოვნები, ბაზარს მიაწოდა ლარისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა და წინასწარ სთხოვა ბანკებს დამატებითი ბუფერების შექმნა. ეკონომიკური აქტივობის შესუსტების და ინფლაციური დაწოლის კლების პარალელურად, სებ-მა მართებულად შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. მოქნილი გაცვლითი კურსის პოლიტიკის შენარჩუნება კვლავ უმნიშვნელოვანესია შოკთან გასამკლავებლად.
სსფ-ს მიმდინარე პროგრამის ფარგლებში სტრუქტურული რეფორმების განხორცილება წარმატებულად მიმდინარეობდა. ივლისში პარლამენტმა დაამტკიცა კანონი საბაზისო პენსიის ინდექსირების შესახებ; უახლოეს მომავალში დამტკიცდება ახალი კანონი გადახდისუუნარობის შესახებ. საწარმოთა გადახდისუუნარობის და ბანკების რეზოლუციების შესახებ კანონმდებლობის დროული განხორციელება გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და გაზრდის ფინანსური სექტორის მდგრადობას. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია რათა არ დაკნინდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი და მოხდეს ეკონომიკის მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.
ჩვენ, სსფ-ს მისია, მადლობას ვუხდით ქვეყნის ხელისუფლებას გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას. მისია შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს მაჭავარიანს, სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს, ასევე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენ, სსფ-ს მისია, ველოდებით დიალოგის გაგრძელებას სსფ-ს მიერ მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის მიზნით ამა წლის ოქტომბერში”, განაცხადა მარტინესმა.