დღეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და "ბანკ კონსტანტას" შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ბანკ კონსტანტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ბანკთან რისკის მართვის პრაქტიკის გაუმჯობესების საკითხებზე იმუშავებს. ეს კი ბანკს დაეხმარება გაზარდოს მცირე ბიზნესის დაკრედიტება საქართველოში.
`IFC-თან თანამშრომლობა დაგვეხმარება უფრო გავაფართოვოთ საქმიანობა და გავზარდოთ მომგებიანობა,"- განაცხადა `ბანკ კონსტანტას" დირექტორმა ლევან ლებანიძემ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
კავკასიაში IFC-ის წარმომადგენლის თომას ლუბეკის განცხადებით, `კონსტანტა" პირველი ქართული ბანკია, რომელიც IFC-ის ფინანსური კრიზისის დაძლევის რეგიონულ პროგრამას შეუერთდა.
"ჩვენ ვმუშაობთ რეგიონის საფინანსო ინსტიტუტებთან რისკის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია დავეხმაროთ ბანკებს დაძლიონ კრიზისი რისკის მართვის დახვეწილი სისტემის მეშვეობით, რაც მათ მომავალში შესაძლო კრიზისებისგან დაიცავს,-" აღნიშნა თომას ლუბეკიმ.
`ბანკი კონსტანტა" ახალი კომერციული ბანკია, რომელიც 10 წლიანი გამოცდილების მქონე საქართველოს წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან ჩამოყალიბდა. ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IFC-ის ფინანსური კრიზისის დაძლევის პროგრამის ექსპერტები ბანკის თანამშრომლებს რისკის მართვის საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას გააცნობენ და პრიორიტეტების დასახვაში დაეხმარებიან, რითაც გაიზრდება ბანკის მომგებიანობა და კომპანიების დაფინანსების შესაძლებლობები.