საქართველომ დაამტკიცა, რომ აშშ-ის და ნატო-ს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია - ამის შესახებ შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.
"12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა. მას შემდეგ, მუდმივად გრძელდება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა რუსეთის მხრიდან. ეს ქმედებები მიუღებელი იყო 2008 წელს და ისინი ახლაც მიუღებელია.
ქართველი ხალხი იბრძოდა უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად და ამისთვის მსხვერპლიც გაიღო. საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის, განსაკუთრებით ავღანეთში.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს, უკრაინისა და ყველა ჩვენი პარტნიორის სუვერენიტეტის მხარდაჭერა, რომლებიც განიცდიან პუტინის მტრულ ქმედებებს საზღვარგარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.