დღეიდან ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების, მათ შორის კონცერტებისა და ქორწილების გამართვა პრაქტიკულად დაშვებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, დაშვების მიუხედავად, დაცული უნდა იყოს ზომიერება და ყველა ის აუცილებელი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის პროტოკოლით არის გათვალისწინებული.
"ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შემსუბუქებას. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ადამიანებისთვის, დასაქმებულებისთვის, მათ შორის ფოტოგრაფებისთვის, მუსიკოსებისთვის, ივენთ მენეჯერებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რესტორნებისა თუ სასტუმროებისთვის, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია, მათ შორის ის, რომ ასეთ ღონისძიებებზე 100 ადამიანზე მეტმა არ უნდა მოიყაროს თავი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეტაპობრივად ხდება შეზღუდვების ლიბერალიზაცია და პრაქტიკულად, ძალიან მცირე სფერო დარჩა, სადაც შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. ასევე მზადდება პროტოკოლი სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით და აქაც ლიბერალური მიდგომები იქნება გამოყენებული.
"თუმცა მეორე მხრივ, ვირუსი არსად გამქრალა, მძვინვარებს და მსოფლიო ახალ, სამწუხარო ნიშნულებს აღწევს ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ჩვენ გარკვეულწილად გავხსენით საზღვრები მონიტორინგის ქვეშ, ხდება ბიზნესვიზიტორების შემოსვლა, ნაწილობრივ დავუშვით რეგულარული რეისები. მაგრამ თუ გვინდა, რომ შემდგომში მხოლოდ ამ დადებითი დინამიკით ვიაროთ, მეტი საქმიანობა გახსნათ და არ მოგვიხდეს ისევ უკან დახევა, რა თქმა უნდა, საიფრთხილე და დიდი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.