დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს უსმენენ. სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია მათ სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტზე ესაუბრა.
სახელმწიფო ინსპექტორმა, ასევე, ისაუბრა სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
"ჩვენთვის პრიორიტეტია გამოძიების სწრაფი პროცესის უზრუნველყოფა. გამოძიებას ვიწყებთ დაუყოვნებლივ ყველა იმ შეტყობინებაზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. 2019 წელს გამოძიება დავიწყეთ 68 სისხლის სამართლის საქმეზე. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ვატარებთ შემჭიდროებულ ვადებში. 2019 წლის სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 16 გამომძიებელმა ჩაატარა 1200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
აღნიშნული 68 სისხლის სამართლის საქმიდან 10 შემთხვევაში არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა, რის გამოც შეწყდა გამოძიება, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სამართალდამცავი ორგანოს 5 თანამშრომელი. რაც შეეხება სხვა სისხლის სამართლის საქმეებს, აღნიშნულ საქმეებზე, როგორც დანაშაულის ისე, მისი ჩამდენი პირების გამოვლენა მთელ რიგ საკანონმდებლო და პრაქტიკულ სირთულეებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა თოლორაიამ.