გარკვეული შეზღუდვების საჭიროება კვლავ არის, თუმცა საგანგებო მდგომაროების გაგრძელების და ფართო შეზღუდვების ობიექტური საფუძველი ამ მომენტში აღარ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში დამაიმედებელია და ყალიბდება ტენდენცია, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
„ შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოყვეს. შეზღუდვების ნებისმიერი ცალკეული მოხსნა, თუ ის სათანადოდ არ იქნება მართული და არ იქნება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ზომები მიღებული, - მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შესაძლოა, გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროცესის ძალიან პრაგმატული მართვა, რასაც ვაკეთებთ კიდეც, ერთიანი კოორდინაციით“, - თქვა თალაკვაძემ.