ENG / RUS       12+

მოდით, გავიხსენოთ 7 მაისი - რატომ არ უნდა ვენდოთ რუსეთს

საქართველოს ისტორიას რუსეთთან დადებული არა ერთი ხელშეკრულება თუ შეთანხმება ახსოვს. უმრავლეს შემთხვევაში, რუსეთი ტყუოდა, არაფერს არ ასრულებდა, არღვევდა, ახდენდა ოკუპაციას, ანექსიას და ფეხქვეშ თელავდა დამოუკიდებელი ქვეყნის ყველა უფლებას, ყველა მცდელობას ყოფილიყო ძლიერი და წარმატებული-მის გარეშე! ამის ნათელი მაგალითია - 1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულება და მისი დარღვევა - წელიწადზე ნაკლებ დროში.

თუმცა, ეს ხელშეკრულება უსისხლოდ არ დადებულა. ჯერ კიდევ 1920 წლის დასაწყისში უკვე "წითელი" აზერბაიჯანიდან შემოიჭრა საქართველოში ბოლშევიკების არმია, მაგრამ წარუმატებლად. რეგულარულმა ჯარმა და ეროვნულმა გვარდიამ მათ წინააღმდეგობა მედგრად გაუწიეს და დამოუკიდებლობა დაიცვეს. ამის შემდეგ 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ლენინი ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან მას ხელი მოაწერა გრიგოლ ურატაძემ, ხოლო რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტური რესპუბლიკის მხრიდან ლევ კარახანმა.

გრიგოლ ურატაძე. საქართველოს ელჩი რუსეთში

ამ ხელშეკრულების პირველი და მეორე მუხლით, რუსეთი უსიტყვოდ ცნობდა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და მის სუვერენიტეტს. რუსეთი უარს აცხადებდა ყოველგვარი სახის პრეტენზიაზე ქართველი ხალხისა და საქართველოს ტერიტორიის მიმართ;  ასევე ის ნებაყოფლობით ამბობდა უარს ყველანაირ სუვერენულ უფლებებზე, რომელიც მას ქართულ მიწებზე და ქართველთა მიმართ ჰქონდა. რუსეთი უარს ამბობდა საქართველოს საშინაო საქმეებში ყოველგვარ ჩარევაზე. მესამე მუხლით, საქართველო-რუსეთს შორის არსებულ საზღვრებს და მათ შეიარაღებულ დაცვას ეხებოდა. ამ მუხლშივეა მითითებული, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი მდინარე ფსოუს გასწვრივ ახაჩხას მთამდე გადის. ყველა ის მუხლი, რომელიც საქართველოს მხარეს უნდა შეესრულებინა, შესრულდა... თუმცა, ამან ვერ დაიცვა ახალგაზრდა დემოკრატია ვერაგი მტრისგან, რომელთა შორის კრემლში გამაგრებული ქართველებიც იყვნენ.

აი, როგორ იხსენებს იმ დღეებს ვალიკო ჯუღელი - საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი, რომელმაც იმ მძიმე წლებში არა ერთი აჯანყება ჩაახშო - მათი უმრავლესობა ბოლშევიკების ინსპირირებული იყო, მათ შორის ცხინვალშიც...

4 მაისი. 1920 წელი. ამონარიდი ვალიკო ჯუღელის დღიურიდან "მძიმე ჯვარი": "ბოლშევიკები დათმობებზე მიდიან. მოსკოველი ბოლშევიკები გრიშა ურატაძესთან მოლაპარაკებების დროს უარს ამბობენ ბათუმის ოლქზე პრეტენზიებზე, ჩვენს საზღვრად მეხადის ცნობენ და დვალეთს გვაძლევენ! ისინი უპირობოდ ცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას. როგორც ჩანს, მალე ჩვენ მოსკოველ ბოლშევიკებთან მშვიდობა გვექნება. მათ ამას ქვეყნის  შიდა და გარე მდგომარეობა აიძულებს. ჩვენ სიხარულით დავთანხმდებით მშვიდობას. ჩვენ ყველა საშუალებით მივესწრაფით ამ მშვიდობისკენ. მაგრამ, ჩვენი შიდა ბოლშევიკები არ ისვენებენ. მათი მოღალატე ხელი ყოველწუთიერად ამზადებს ღალატს, თუმცა მათ არ გააჩნიათ დასაყრდენი. სრულებით არ გააჩნიათ! მაგრამ, ავანტიურიზმის გზა ხომ მათი საყვარელი გზაა! ჩვენს ქვეყანაში მხნე განწყობა სუფევს, მშვიდი და მყარი. არის რწმენა წარმატებისა. მთელი მუშათა კლასი ჩვენთანაა. ეს კი მთავარია".

დიახ, ვალიკო ჯუღელი ასე იხსენებდა მოსკოვის ბოლშევიზმს. თუმცა, ჯუღელი არ იყო იმპერიალისტი, არ იყო მენშევიკი, არ იყო მდიდარი კასტის პირმშო. ისევე, როგორც ბევრი ის ადამიანი, რომელიც ქართული რესპუბლიკის სათავეში იდგა-ისიც იბრძოდა მუშათა კლასისთვის, ღატაკების და მდიდრების უფლებების თანასწორობისთვის, ხალხის განვითარებისთვის, თუმცა უპირველესად ის საქართველოსთვის იბრძოდა და იღვწოდა! მართალია, ახლანდელი და მაშინდელი რუსული პროპაგანდა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ბოლშევიკებმა ჩაგრული მუშათა კლასი ტანჯვისგან იხსნეს, მაგრამ ეს ტყუილია და ვერაგი ფანდი! იგივე,  ვალიკო ჯუღელი იყო ერთ-ერთი, ვინც 1905 წლის მოსკოვის რევოლუციის სათავესთან იდგა. ის პირადად იცავდა მაქსიმ გორკის და არა ერთ ბრძოლაში მონაწილეობდა. თუმცა, წლების შემდეგ, როდესაც რუსულმა ბოლშევიზმმა შავი ჭირის სახე მიიღო, ის წერდა: "ბოლშევიზმმა, სამოქალაქო ომის თავისი აპოთეოზით, დაანგრია სახელმწიფოს საწარმოო ძალები, გაანადგურა ტრანსპორტი, მთელი რუსეთის მილიტარიზაცია გამოიწვია და ამ საშინელ ნანგრევებზე ის ფიქრობს პროლეტარიატის ბედნიერება შექმნას! მაგრამ,  ნანგრევებზე და უდაბნოში ხომ მხოლოდ სიკვდილი ზეიმობს!"

და მაშინ, როცა საბჭოთა არმია 1920 წელს აზერბაიჯანის მხრიდან გვიტევდა და ეს მაისის ბოლომდე გაგრძელდა,  მათ წინააღმდეგ ქართველი მუშებიც და გლეხებიც იბრძოდნენ და იღუპებოდნენ! ასე იყო მაშინაც, როცა 1921 წელს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და უსინდისო ტყუილია იმის მტკიცება, რომ საქართველო დემოკრატიისგან განთავისუფლებას სთხოვდა ლენინს და სტალინს. კვლავ ავიღოთ ვალიკო ჯუღელის დღიურიდან ამონარიდი: "1920 წლის 1 მაისი, ტიფლისი. ღამე. დიდი პროლეტარული ზეიმი გაილია. მან ბრწყინვალედ და გრანდიოზულად ჩაიარა. ტიფლისელი პროლეტარიატი ქუჩაში იყო გაშლილი წითელი დროშებითა და რევოლუციური თავდაცვის ლოზუნგებით. ამ დღეს ხუთჯერ გამოვედი სიტყვით. მუშები ყველგან კარგად, სიხარულით მხვდებოდნენ და კიდევ უფრო განვიმსჭვალე წარმატების რწმენით. ნახალოვკელმა მუშებმა დღეს თავისი მუშათა თეატრი გახსნეს. საყოველთაო ნგრევის და ქაოსის  დროებაში ეს ჩვენი მუშათა კლასის უდიდესი გამარჯვებაა".

7 მაისის რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება ვერაგი გეგმის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ ქართული მხარის თვალის ასახვევად დაიდო. ეს უბრალოდ ფაქტია, რადგან არ გასულა ერთი წელიც კი და რუსეთმა ის უხეშად დაარღვია, 1921 წელს საქართველოში შემოჭრითა და საქართველოს ოკუპაცია-ანექსიით.

დღეის მდგომარეობით არაფერი შეცვლილა და როცა ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ რუსეთის ნდობა შეიძლება, შეიძლება მოლაპარაკებების გამართვა, ხელშეკრულებების დადება და ასე შემდეგ, მოდით გავიხსენოთ 1920 წლის 7 მაისი... ასევე, გავიხსენოთ,  რუსეთის მიერ საქართველოსთან 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევა; გავიხსენოთ 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმების დარღვევა, დაგომისის (სოჭის) შეთანხმების დარღვევა, 1993 წლის 27 ივლისის სოჭის და 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის ხელშეკრულებები. და ასეთივე "ხელშეკრულებები" რუსეთთან კიდევ უამრავ დიდ თუ პატარა ერს ახსოვს!

ასევე, გავიხსენოთ ვალიკო ჯუღელის ეს სიტყვებიც - "ჩვენ სიხარულით დავთანხმდებით მშვიდობას. ჩვენ ყველა საშუალებით მივესწრაფით ამ მშვიდობისკენ. მაგრამ, ჩვენი შიდა ბოლშევიკები არ ისვენებენ. მათი მოღალატე ხელი ყოველწუთიერად ამზადებს ღალატს".

სოლომონ თვალჭრელიძე