ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სიგარეტის ღირებულება 15 ლარამდე აიწევს, არასწორია.
მისი თქმით, ასოცირების შეთანხმებაში წერია, რომ პირველი დედლაინი იყო 2022 წელი, თუმცა მძიმე სოციალური მდგომარეობაა და ის რომ მეზობელი ქვეყნები საქართველოს ვერ მიყვებიან ტემპში, ვადამ გადაიწია 2026 წლამდე
„გავრცელდა, თითქოს მეთქვას, რომ 15 ლარი გახდება ფასი, რაც აბსოლუტურად არასწორია. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში გვიწერია, რომ უნდა გავუთანაბრდეთ ევროკავშირის სტანდარტებს. პირველი დედლაინი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობაა, მეზობელი ქვეყნები ვერ მოგვყვებიან იმ ნაბიჯებით, როგორც ჩვენ მივდივართ, ვადამ გადაიწია 2026 წლამდე. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვადას კიდევ გადავწევთ. ჩვენ სექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, მათ ავუხსენით, რომ 2020-2021 წლებში აქციზის ზრდა არ მოხდება. მერე კვლავ გვექნება კომუნიკაცია და გავაცნობთ ისევ 2-წლიან გეგმას, იქნება ზრდა თუ არა. რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ფასი ევროკავშირთან, მე ვფიქრობ, ვადას გადავწევთ და ფასები გათანაბრდება მაშინ, როცა შევალთ ევროკავშირში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.