ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს, - ინფორმაციას ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი ფეისბუკზე ავრცელებს.
"დილის რვაზე ეთერში გავედით. საღამოს ეს ანონსი შემიძლია შემოგთავაზოთ: ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. გუმბარიძე, რომელიც კომპანია "ინტერმედიას" დამფუძნებელიცაა, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ოთხშაბათს, 14:00 მივა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულამ" მაუწყებლობა დღეს დაიწყო", - დაწერა გიორგი ლაფერაშვილმა.
ზურაბ გუმბარიძე კომპანია "ინტერმედიას" დამფუძნებელია, რომლის მიმართაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე 2019 წლის 9 აგვისტოს აღძრა. საქმე ეხება 2017 წელს რუსთავი 2-ის კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, ინტერმედია პლიუსის მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას.