უნდა მოვამზადოთ რეზერვი, დაახლოებით 785 000 მამაკაცი არის 18-დან 50 წლამდე , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თქვა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.
„გუშინ მოვიძიე ინფორმაცია, რაოდენობა გამოვითხოვე, პირობითად 18-დან 50 წლამდე მამაკაცების, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი და რესურსი, ჩვენი მთავარი პრობლემაა რესურსების არ და ვერ გამოყენება, სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში, ჩვენ უნდა გავნვსაზღვროთ, კარგად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ რეზერვი, დაახლოებით 785 000 მამაკაცი არის 18-დან 50 წლამდე. ჩვენ თუ ამას იმგვარად დავაორგანიზებთ, რომ ეტაპობრივად, დავუშვათ, ავიღოთ ათწლიანი პროგრამა, ათი წლის განმავლობაში გადავამზადებთ სწრაფი, რეალური და სრულყოფილი კურსებით, რამდენიმე შეიძლება იყოს ექვსთვიანი კურსი, შეიძლება იყოს ცხრათვიანი ან ეტაპობრივად იყოს რამდენიმე წელზე გაწერილი, რამდენიმე წელში ჩვენ მივიღებთ მილიონამდე მომზადებულ ადამიანს. ეს არის ჩვენი ქვეყნის რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიყენოთ სწორად“, - თქვა ღარიბაშვილმა.