ე.წ. “გარდაქმნის თერაპიის” ცენტრის დამფუძნებელმა და ამ სფეროს ყველაზე გავლენიანმა თერაპევტმა წარსული საქმიანობის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ის გეია.
51 წლის მაქრეი გეიმი 20 წლის განმავლობაში ლგბტქ+ ადამიანებს „კურნავდა“. ის „გარდაქმნის თერაპიის“ ცენტრისა და იდეოლოგიის ავტორია. მას მეუღლე და 2 შილი ჰყავს.
Postandcourier-თან ინტერვიუში ნათქვამია, რომ მაქრეი მაშინაც გეი იყო, როდესაც ირწმუნებოდა, რომ შეეძლო გადაეწყვიტა ერთნაირსექსიანთა მიზიდულობის საკითხი.
ის მაშინაც გეი იყო, როდესაც დაქორწინდა ქალზე და დააარსა თერაპიული ცენტრი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ფართო ექსპანსიური დაწესებულება გახდა.
ის მაშინაც გეი იყო, როდესაც მისი ორგანიზაციის საბჭო ათასობით მისნაირ ადამიანს გრძნობების წაშლას, ბრუტალური მეთოდებითა და ჯოჯოხეთში გაგზავნის დაშინებით, ავიწყებდა.
ის მაშინაც გეი იყო, როდესაც სამხრეთ კაროლინაში „გარდაქმნის თერაპიის“ ცენტრს სათავეში ჩაუდგა. მაშინაც გეი იყო, როდესაც, დისკრედიტებული პრაქტიკით, რწმენაზე დაფუძნებული თერაპიის სახელით LGBTQ+ ადამიანებში გრძნობების „ჩახშობასა და აღმოფხვრას“ ცდილობდა.
ის მაშინაც გეი იყო, როდესაც დირექტორთა საბჭომ 2017 წელს ორგანიზაციიდან გააძევა და მაშინაც, როდესაც ივლისში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადა.
ადამიანი რომელიც „გარდაქმნის თერაპიის“ წამყვან სპეციალისტად ითვლებოდა, დღეს, დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობს და ცხოვრებით ტკბება. Postandcourier-ი ავრცელებს ინტერვიუს დროს გადაღებულ ფოტოს, სადაც გეიმი მის მეგობარ მამაკაცს ტელეფონით ესაუბრება.
გეიმმა სექსუალური ორიენტაციის შესახებ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე „ დაუჯერებლად გამგები“ აღმოჩნდა.
„წარმომიდგენია როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება რომ არა ჩემი მეუღლის მხარდაჭერა, თუმცა მის გამო ძალიან ვწუხვარ. მე ახლა ვხვდები თუ რა გავაკეთე არასწორად, საიდან უნდა მცოდნოდა, მაგრამ ვცადე და ახლაც ვცდილობ გავიგო“,- განაცხადა გეიმმა.
გეიმი აცხადებს, რომ ე.წ. „გარდაქმნის თერაპიის“ ცენტრი უნდა დაიხუროს, თუმცა ის მაინც მხარს დაუჭერს იმ ჯგუფებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ LGBTQ თემი და სარწმუნოება ერთმანეთთან არათავსებადია.
„გარდაქმნის თერაპიის” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა საუბრის სეანსია. თუმცა, უილიამსის ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგჯერ სეანსის დროს ელექტროშოკსა და სხვა საშუალებებსაც იყენებდნენ.
ყველა წამყვანი ასოციაცია, მათ შრის “ამერიკის სამედიცინო ასოციაცია” და “ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია”, აღნიშნულ პრაქტიკას გმობს.
ანგარიშის თანახმად, მხოლოდ აშშ-ში დაახლოებით 700 000 ლგბტ ზრდასრულ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ე.წ. „გარდაქმნის თერაპია“. იქვე ნათქვამია, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლის მცდელობები რთულ მენტალურ მდგომარეობას, ხშირად კი სუიციდისკენ მიდრეკილებას იწვევს.
აშშ-ის 18 შტატი, არასრულწლოვანთათვის აღნიშნულ პრაქტიკას საკანონმდებლო ნორმებით კრძალავს.
⭕ ამ თემაზე: