25 სექტემბერს პროკურატურის თანამშრომლებმა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა რთველში ერთად მიიღეს მონაწილეობა. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურის ინიციატივით, გურჯაანის რაიონს თბილისის ოთხი საჯარო სკოლის 40 უფროსკლასელი ეწვია. ყურძნის კრეფაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართული, რუსული და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეები. მოსავლის აღებაში მოზარდები პროკურორებთან ერთად ერთ-ერთ გურჯაანელ გლეხს დაეხმარნენ.
"ჩვენთვის, პროკურორებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან თანამშრომლობა, რთველში ერთობლივი მონაწილეობა კი სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავებისკენაა მიმართული. პროკურატურის პრიორიტეტია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მოზარდების დანაშაულებრივი გზისგან არიდება და ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ მათთან ერთად მეტი დრო გავატაროთ,~ _ განაცხადა ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურორმა ვალერი ლაცუსბაიამ.
რთველი პროკურორებისა და მოსწავლეების მონაწილეობით პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ჩატარდა. საქართველოში პროექტი 2006 წლიდან ხორციელდება. ის მიზნად ისახავს პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდას, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინებას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.