აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეურაცხმყოფელი და ამაზრზენი იყო, როდესაც მან 2001 წლის 11 სექტემბრის შესახებ ისაუბრა. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა "ბი-ბი-სის" სპარსეთის სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ირანშიც მაუწყებლობს. თეთრმა სახლმა კი დღეს ამ ინტერვიუდან ამონარიდები გამოაქვეყნა.
"ეს შეურაცხმყოფელია და ამაზრზენია აკეთო ასეთი განცხადებები მანჰეტენზე, იმ ადგილთან ახლოს სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკები იდგა, ის სადაც ყველა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლებმა დაკარგეს თავიანთი ახლობლები. ასეთი განცხადებების კეთების პატიება შეუძლებელია", _ განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის სამი ვერსია დაასახელა. ვერსიათა შორის ერთ-ერთად ირანის პრეზიდენტმა ამ ტერაქტში აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობა დაასახელა.
"აშშ-ს ხელისუფლების ზოგმა წარმომადგენელმა თავად მოახდინეს ამ დანაშაულის ორგანიზება, იმისათვის რათა აშშ-ს ეკონომიკის ვარდნა შეეჩერებინათ და თავისი გავლენა გაეზარდათ ახლო აღმოსავლეთში", _ განაცხადა აჰმადინეჯადმა.