იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი აცხადებს, რომ ე. წ. "ქართული სტრასბურგის" იდეისადმი ფრთხილი დამოკიდებულების გამოჩენაა საჭირო. ამის შესახებ განცხადება ადეიშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.
ოპოზიცია ქვეყანაში ე. წ. "ქართული სტრასბურგის" დამკვიდრებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა სესიაზე საპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაახმოვანა. როგორც მან განაცხადა, აუცილებელია კონსტიტუციაში იმ ნორმის ჩადება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა სხვა სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება.
"ამით საქართველოში შეიქმნება ე. წ. ქართული სტრასბურგი, ნაკლები სარჩელი წავა სტრასბურგის სასამართლოში და უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაც შემცირდება", - აცხადებს ლორთქიფანიძე.
ადეიშვილი ამ იდეის საქართველოში დანერგვის წინააღმდეგია. იგი აცხადებს, რომ მსგავსი პრეცენდენტი ბევრ ქვეყანში არსებობს, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველოში ამ იდეის განსახორციელებლად სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. როგორც ადეიშვილი აღნიშნავს, მას ურჩევნია, სასამართლოებშივე შეიქმნას ადამიანის უფლებების დაცვის მეტი გარანტია, რაც უფრო ეფექტური იქნება.
"ახალი დამატებითი ინსტანციის შექმნა კი არ იქნება იმის გარანტია, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება გამოტანილი", - განაცხადა ადეიშვილმა.