იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მიიჩნევს, რომ
კონსტიტუციაში იმ ნორმის აღდგენა, რომელიც მთავრობის ერთი მესამედის შეცვლის შემდეგ პარლამენტის მიერ ნდობის თავიდან გამოცხადებაა საჭირო, მიუღებელია.
ეს განცხადება ადეიშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
აღნიშნული საკითხი "ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა.
როგორც მან განაცხადა, აუცილებელია, გარკვეული რაოდენობის მინისტრების შეცვლის შემდეგ მთავრობამ პარლამენტის ნდობა თავიდან მოიპოვოს. ამიტომ იგი ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტში დღეს მოქმედი ნორმის ჩაწერას ითხოვს.
ადეიშვილი კი ამ მოთხოვნის გათვალისწინების წინააღმდეგია. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ეს ნორმა შეიცვალა იმიტომ, რომ ასე არ ხდება არც ერთ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში.
ადეიშვილის განცხადებით, ცვლილებების პროექტით მთავრობა მთლიანად პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე და თუ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები არ მოეწონება, შეუძლია მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.