ქობულეთში ტურისტული ბიზნესის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 90 პროცენტი, საბანკო სესხებითაა აწყობილი, რომლის გასტუმრებასაც ტურისტების, განსაკუთრებით კი რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი შემცირების გამო ვერ ვახერხებთ, - განაცხადა ქობულეთის მცირე სასტუმროს მფლობელმა რატი მეგრელიძემ. მისი თქმით, მოსახლეობას მოლოდინი ჰქონდა, რომ ივლისსა და აგვისტოში შეძლებდა საკმარისი შემოსავლის მიღებას, რომ საბანკო ვალდებულება დაეფარა. ბევრი ბანკის სესხით ახალი სერვისების დაწყებას და ახალი ტურისტული სივრცის მოწყობას აპირებდა.
რატი მეგრელიძეს პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან ფრენები შეაჩერა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა. სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, რომ მას ჯავშნების დიდი ნაწილი გაუუქმდა არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც. „ახლა ბევრი გამოდის და გვეუბნება, რომ ახალ ბაზრებზე გავიდეთ და ტურისტები სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ. ლამის 29 წელია ამ ბიზნესში ვარ და ახალი ბაზარი რა არის, არ ვიცი. საიდან უნდა შემოვიდეს მასობრივად ტურისტი, როგორც ეს მოხდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, არ ვიცი,“ - აღნიშნა რატი მეგრელიძემ.
ქობულეთში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სასტუმროების, სასტუმრო სახლების, კვების ობიექტების მეპატრონეები და სხვა ტურისტული მომსახურებით დაკავებული პირები მთავრობისგან ბანკებთან შუამდგომლობასა და საბანკო სესხების გადავადების საკითხში დახმარებას ითხოვდნენ.